Accessibility links

logo-print logo-print

გრიგოლ ვაშაძე კონსულტაციების შესახებ: ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით


გრიგოლ ვაშაძე

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფასილიტატორებთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე საუბრისას.

„ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე იმისათვის, რომ იყოს მიღწეული რამე შეთანხმება. გესმით, რომ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით - ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით - უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და რაღაცა კომპრომისი გამოინახოს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ხელისუფლებას აკისრია:

„იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ხელისუფლება გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი, როდესაც საზოგადოების ორი მესამედი არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და პოლიტიკური ეკონომიკური და არ ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო, კრიზისია კარზე მომდგარი“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ ფასილიტატორებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილიდან იმართება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG