Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები


გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უწოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას.

„ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა. შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე პრინციპში არის პოზიციის თანხვედრა, მათ შორის, დიპლომატებთან. ისინიც ხედავენ, რომ საარჩევნო რეფორმის გარეშე ფაქტობრივად ნორმალური არჩევნების ჩატარება შეუძლებელია“, - ამბობს ვაშაძე.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა უნდა შედგეს, მაგრამ ჯერ უნდა გახდეს ცნობილი, რაზე იქნება შეთანხმება. „ჩემი მოლოდინი არის, რომ 8 მარტს გაფორმებული მემორანდუმის მსგავსი დოკუმენტს უნდა მოეწეროს ხელი, სადაც გაწერილი იქნება შეთანხმება“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე, რომელიც შეთანხმების დოკუმენტის გარეშე პარლამენტში შესვლას არ განიხილავს.

როგორც ვაშაძე ამბობს, მოლაპარაკების მესამე რაუნდზე განსახილველი დამატებით საკითხებზე მსჯელობისთვის კიდევ გაიმართება შეხვედრა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილიდან იმართება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG