Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქცევა თუ არა „რუსთაველი“ - სასტუმროსა და კინოთეატრის ჰიბრიდად?


დაკარგავს თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ თავის პირვანდელ, კინოთეატრის ფუნქციას და გარდაიქმნება თუ არა ის სასტუმროსა და კინოთეატრის ჰიბრიდად, ეს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

11 ნოემბერს, თბილისის არქიტექტურის სამსახურში, სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველის“ განცხადება შევიდა. განმცხადებლები მოითხოვენ, რომ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების დამტკიცებული ესკიზის საფუძველზე (ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2019 წელს დაამტკიცა), მოხდეს პროექტის საბოლოო შეთანხმება და სამშენებლო ნებართვის გაცემა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საკითხი განხილვის ეტაპზეა და როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი პროექტის თანახმად, კინოთეატრის შენობის ძირითად ნაწილში, ხუთ სართულზე, სასტუმროს ნომრები მოეწყობა. რაც შეეხება კინოდარბაზებს, ისინი შენობის მინუს ერთ (სარდაფის) და ნულ სართულზე განთავსდება. პროექტის თანახმად, იქვე განთავსდება კინო-მუზეუმი, კინო ბიბლიოთეკა კაფის ფუნქციით და მცირე რესტორანი. პროექტის აღწერაშივე ვკითხულობთ, რომ ამავე სართულებზე იქნება საზოგადო სველი წერტილები, შენობის საინჟინრო და დამხმარე ფართები.

კინო „რუსთაველის“ შენობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1988 წელს მიენიჭა, რეკონსტრუქციის შედეგად, თავზე უნდა დაედგას ალუმინის უჟანგავი ბადისა და სპილენძის კონსტრუქცია, რაც პროექტის ავტორთა თქმით, მეტ მომხიბვლელობას შესძენს ძეგლს. უფრო ზუსტად კი, აი, რას ვკითხულობთ, პროექტის აღწერაში:

„იმის ფონზე, რომ დღეს უკვე რუსთაველის გამზირის მასშტაბი საგრძნობლად შეცვლილია, რამაც თავის მხრივ, ზეგავლენა მოახდინა კინოთეატრ რუსთაველის ისტორიულ შენობაზე, თითქოს შენობა დაიკარგა ახალი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გვერდით. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი არქიტექტურულ-მოცულობითი გადაწყვეტა, ეს ეკლექტიკა, ძველის და ახლის შერწყმა, კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს კინოთეატრ „რუსთაველის“ ისტორიულ შენობას“.

პროექტის ავტორების მტკიცებით, მათი მთავარი მიზანია, რომ შენობას შეუნარჩუნდეს მისი ძირითადი, კინოს ფუნქცია და „მის გარშემო აეწყოს სრულიად პროექტი, რაზეც მეტყველებს შენობის ცენტრში არსებული ცენტრალური კინო დარბაზი, რომელიც განთავსდება ნულ სართულზე".

რუსთაველის 5 ნომერში მდებარე კინოთეატრი "რუსთაველი" 1939 წელს, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით, ყოფილი ჰაუპტვახტისა და კალოუბნის ეკლესიის ადგილას აშენდა. ის კლასიცისტური არქიტექტურული ელემენტებით შემკული ნაგებობაა და ამავე დროს, უკვე ჩანს ე.წ. „სტალინური არქიტექტურის“ ნიშნები.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, ჯერ კიდევ ორი წლის წინ აპროტესტებდა შენობისთვის იერსახისა და მისი პირველადი ფუნქციის შეცვლის პერსპექტივას და ამბობდა, რომ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მფლობელს შორის, სადაც ჩაიწერებოდა, რომ შენობას აუცილებლად შეუნარჩუნდებოდა მისი პირველადი ფუნქცია.

თამარ ამაშუკელისთვის, ისევე როგორც ორი წლის წინ, დღესაც მიუღებელია ის პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვის გაცემასაც კინოთეატრის მფლობელები მერიის არქიტექტურის სამსახურს სთხოვენ. მისი თქმით, როდესაც საქმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განსახორციელებელ სამუშაოებს ეხება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შენობის გეგმარება, მორფოლოგია, არქიტექტურა თუ მასშტაბი, არამედ მისი პირველადი ფუნქცია და ამ ფუნქციის მაქსიმალური შენარჩუნება:

„ეს არის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც აშენდა როგორც კინოთეატრი და მისი არქიტექტურაც გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ საქართველოში, საბჭოთა პერიოდში, ძალიან ბევრი კინოთეატრი იყო აგებული და მათგან ფაქტობრივად, არცერთი აღარ დაგვრჩა და „რუსთაველი“ არის ერთ-ერთი ბოლო კინოთეატრი, რომელიც მისი აშენების დღიდან ინარჩუნებდა ამ ფუნქციას. ძალიან ხშირად, ობიექტის გაძეგლების მიზეზი არის ხოლმე როგორც მისი არქიტექტურა, ისე მისი ფუნქცია. ამ შემთხვევაში კი ეს არის ერთგვარი ტანდემი ამ შენობის არქიტექტურისა და ფუნქციისა. მისი რღვევა კი სრულად დაუკარგავს აზრს შენობას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. უნიკალურია ეს ძეგლი თავისი არქიტექტურითაც. ის არის პოსტკონსტრუქტივიზმის სტილის შენობა, 1932-37 წლებში ჩამოყალიბებული და გავრცელებული შუალედური სტილის შენობა. ჩვენ ამ სტილის რამდენიმე შენობა შემოგვრჩა - „იმელის“ შენობა, რომლის უკანა, კონსტრუქტივისტული ნაწილი პრაქტიკულად აღარ არსებობს, ასეთი იყო ე.წ. „ჩაი გრუზიას“ შენობა, ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დღეს ასევე პრაქტიკულად განადგურებულია და მხოლოდ ფასადიღაა დარჩენილი“.

კინოთეატრ „რუსთაველისათვის“ იერსახისა და პირველადი ფუნქციის ცვლილებას, სკეპტიკურად უყურებს კიდევ ერთი ხელოვნებათმცოდნე, გია ჭანიშვილი. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაგეგმილი ცვლილებით, „შენობა საკუთარ თავს დაკარგავს“ და მთლიანობაში, ის გადაიქცევა მის გვერდით მდებარე ახალი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შემადგენელ ნაწილად:

„კი, ევროპაშიც ხშირია შემთხვევები, როდესაც ძველ ნაგებობებს თანამედროვე კონსტრუქციებს ადგამენ, მაგრამ ეს გაუაზრებლად არ უნდა კეთდებოდეს და მთლიანობაში, სახეს არ უნდა უკარგავდეს თავად შენობას. ჩვენ კი რას ვხედავთ, თუკი შორი პერსპექტივით გადაღებულ ფოტოებს შევხედავთ, კინოთეატრის შენობა, მის გვერდით მდებარე, ახალი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გაგრძელებადაა ქცეული. ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად ეს მუზეუმიც, რომელიც არანაირ არქიტექტურულ მიმდინარეობაში არ ჯდება და მას მხოლოდ კიჩი შეიძლება ვუწოდოთ. ამას გარდა, უმნიშვნელოვანესია შენობის პირველადი ფუნქციის მაქსიმალური შენარჩუნებაც. არ შეიძლება კულტურული ძეგლი ეკონომიკურ სარგებელს ვანაცვალოთ. დედაქალაქის საკრებულოს, პირდაპირ აქვს გაცხადებული, რომ ქალაქის კულტურული და ისტორიული ღირებულებები განხილული უნდა იქნას როგორც მუდმივი და აუცილებელი ბარიერი ყველა იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტის მიღების მცდელობისას, უგულებელყოფს ქალაქის კონტექსტს. ჩვენ კი საპირისპიროს ვაწყდებით. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მფლობელების ინტერესები, კარგია სასტუმრო, ტურისტი ჩამოვა, ბიუჯეტში ფული შემოვა, მაგრამ თუკი ეს ყველაფერი უგულებელყოფს ჩვენი ქალაქის კონტექსტს და თუკი ჩვენ ყველაფერს დავუკარგავთ პირველად ფუნქციას და ყველგან სასტუმროებსა და რესტორნებს ავაშენებთ თუ დავაშენებთ, ცხადია, ქალაქიც დაკარგავს თვითმყოფადობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თითოეული მსგავსი გადაწყვეტილება, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული“.

კინოთეატრ „რუსთაველის შენობის“ რეკონსტრუქცია 1970-იან წლებში მოხდა. 1990-იანი წლების ბოლოს კი განხორციელდა ინტერიერის სტილისტური რეკონსტრუქცია და შენობის ფოიემ და ზედა სართულების დარბაზებმა მრავალფუნქციური დატვირთვა შეიძინა.

ამჯერადაც, პროექტის ავტორები და შენობის მფლობელი კომპანია გეგმავს შენობის დეკორით შემკული სვეტების, ჭერებისა და კიბის უჯრედების რესტავრაციას და ასევე, ფასადისა და ქანდაკებების რესტავრაციას. რუსთაველის პროსპექტის მხარეს, შენობაზე განთავსებულია თოფურიძის ქანდაკებები - კოლმეურნე, მუშა და სპორტსმენი ქალი და ვაჟი. ფურცელაძის ქუჩიდან კი მიქატაძის ქანდაკება - ალპინისტი.

პროექტის თანახმად, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უახლოეს პერიოდში უნდა განიხილოს, კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის საერთო ფართის მხოლოდ 274.44 მ2 დაეთმობა კინოდარბაზებს, 106.63 მ2 კინო მუზეუმს. კინო ბიბლიოთეკას კი 124,73 მ2. რაც შეეხება სასტუმროს ნაწილს, ოთახების რაოდენობა 98 იქნება, მათი საერთო ფართი კი 2176.79 მ2.

კინოთეატრი „რუსთაველი“ 2018 წლის ივლისში, რეკონსტრუქციის მიზნით, ერთი წლით დაიხურა. იმავე წლის მიწურულს, დეკემბერში, თბილისის მერიასთან არსებულმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველის“ მიერ მერიაში წარდგენილი ესკიზი განუხილველი დატოვა. თუმცა, რვა თვის თავზე, 2019 წლის 30 აგვისტოს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ესკიზი დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG