Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაშვილი: წითელი ხაზები ისევ არსებობს ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის  წინ გადადგმული ნაბიჯები


ალექსანდრე ელისაშვილი
ალექსანდრე ელისაშვილი

მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ლაპარაკობს აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი.

„მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები დაახლოვდეს. აშკარად არის პროგრესი - შემიძლია ვთქვა. ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტად არის დაახლოებული, ვიდრე იყო წინა დღეებში. ხელისუფლება აშკარად დგამს ნაბიჯებს ოპოზიციისკენ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ტენდენცია არის პოზიტიური. ფაქტია, რომ როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა სიღრმე კრიზისის, ის პერსპექტივა, როგორი ზამთარი გველის, როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს ერთპარტიული პარლამენტი, შესაბამისად, არის პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით წინსვლა“, - ამბობს ელისაშვილი და ამატებს, - „წითელი ხაზები ისევ არსებობს ორივე მხრიდან, მაგრამ აშკარად არის წინ გადადგმული ნაბიჯები“.

ელისაშვილის ვარაუდით, როგორც ჩანს, დიპლომატებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეხვედრა გაიმართა. „შესაბამისად, ფრთხილი ოპტიმიზმი, რაც მქონდა, ერთი სკალით მომატებული ვარ“, - შენიშნავს ის.

ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებისკენ ნაბიჯი ოპოზიციას გადადგმული აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ დიალოგში, კონსულტაციებში მონაწილეობს. როგორც ის ამბობს, ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯები.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე აშკარად არის ინტენსიური სამზადისი მესამე რაუნდისთვის.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნო რეფორმაზე „ქართულ ოცნებასთან" პრინციპში არის პოზიციის თანხვედრა, მათ შორის, დიპლომატებთან.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს დილიდან იმართება ინდივიდუალური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის სხვა ვერსია არ განიხილება.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ელჩებთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრები რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

ოპოზიცია ისევ არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, "ქართული ოცნება" კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG