Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე - თბილისის ანძა ნარინჯისფრად გაანათეს


დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. როგორც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია აცხადებს, ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

„ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება“, - აღნიშნავს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია .

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცის ინფორმაციით, წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID - 19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა.

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაერო-ს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG