Accessibility links

logo-print logo-print

დონალდ ტრამპმა ყოფილი მრჩეველი შეიწყალა


მაიკლ ფლინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალების განკარგულებას.

პრეზიდენტის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დანიშნული მაიკლ ფლინი რამდენიმე კვირაში გადადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეცდომაში შეიყვანა რუსეთის იმჟამინდელ ელჩთან, სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბრების შესახებ.

მოგვიანებით ფლინმა აღიარა, რომ ცრუ ჩვენება მისცა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებს, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდნენ. მაიკლ ფლინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას რეალური სასჯელი ემუქრებოდა. თუმცა, სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა სასამართლოს მიმართა რეკომენდაციით, საპატიმრო სასჯელი არ გამოეყენებინა, რადგან ფლინმა გამოძიებას მიაწოდა ღირებული ინფორმაცია არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

გარკვეული დროის შემდეგ, მაიკლ ფლინმა აღიარების უარყოფა სცადა და განაცხადა, რომ პროკურორებმა აღიარებაზე დაიყოლიეს მოტყუებით და უფლებების დარღვევით.

რუსეთის ელჩთან კონტაქტების გარდა გამოძიების ყურადღება მიიპყრო მაიკლ ფლინის აქტივობებმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. მაგალითად, ფლინი მონაწილეობდა რუსული ტელეარხის Russia Today-ს დაარსებიდან მეათე წლისთავისადმი მიძღვნილ წვეულებაში და პრეზიდენტ პუტინის გვერდით იჯდა.

2020 წლის მაისში იუსტიციის სამინისტრომ ფლინს ბრალდება მოუხსნა, თუმცა, სასამართლოში საქმე ფორმალურად დასრულებული არ იყო. შეწყალების შემდეგ ფლინის საქმეს სასამართლოდან გაიტანენ.

"ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო რომ გენერალი ფლინი სრულად შეწყალებულია", - დაწერა ტვიტერზე აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი მაიკლ ფლინს და მის ოჯახს ულოცავს და დასძენს, რომ შესანიშნავად შეძლებენ მადლიერების დღის აღნიშვნას.

დონალდ ტრამპის მიერ მაიკ ფლინის შეწყალებას სერიოზული კორუფციის აქტი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უწოდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG