Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. გადასასვლელების გახსნას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას


ევროკავშირი გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მუდმივი გაუარესების გამო. ამ შინაარსის განცხადება ევროკავშირის სახელით გაკეთდა ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიშის, „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვისას.

ევროკავშირის შეფასებით, ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის დროს. ევროკავშირი ხაზს უსვამს ამ პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის აუცილებლობას.

„მოვუწოდებთ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, რომელთა შორისაა საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და სამხრეთ ოსეთის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი გმობს გავრცელებულ ცნობებს ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.

განცხადებაში საუბარია უსაფრთხოების კუთხით არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ჩორჩანა-წნელისის მხარეში არსებული ვითარების გამო.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის, მათ შორის ბოლო პერიოდში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკასია 2020“-ის გამო და გმობს ცხინვალის რეგიონში ე.წ ბორდერიზაციის პროცესს.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევთა დაუსჯელობის გამო და ხაზს უსვამს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფის სათანადო გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას.

ევროკავშირის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უპირობოდ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროსაბჭოს საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე 25 ნოემბერს, ვიდეოკონფერენციის ფორმატით განიხილეს გენერალური მდივნის 22-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG