Accessibility links

site logo site logo

თურქეთში ერდოანის წინააღმდეგ ამბოხის მონაწილეთა კიდევ ერთ ჯგუფს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა


თურქეთის სასამართლომ 26 ნოემბერს მორიგი განაჩენები გამოუტანა 2016 წელს გადატრიალების მცდელობის მონაწილეებს.

დამნაშავედ ცნეს პუტჩის სავარაუდო 400-ზე მეტ მონაწილე. მათგან რამდენიმე ათეულ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს არიან უპირატესად არმიის მეთაურობის წარმომადგენლები და მფრინავები, რომლებმაც 15 ივლისის ღამეს დარტყმები მიაყენეს სამთავრობო ობიექტებს.

როგორც სააგენტო ანადოლუ იტყობინება, მათ შორის, ვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, არიან პოლკოვნიკი ვეისელ ქავაქი, რომელსაც სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურობის მდივნის თანამდებობა ეკავა. მას 79 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთივე განაჩენი გამოუტანეს სამხედრო-საჰაერო ძალების მაიორს, ალი ქარაბულუთსა და ყოფილ სამხედრო მფრინავს, ჰუსეინ თიურქს.

სასამართლომ განიხილა გადატრიალების საქმის ერთი ეპიზოდი: ანკარის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზის „აქინჯის“ დაკავება.

მაშინ მძევლებად აიყვანეს პრეზიდენტ ერდოანის მიმართ ლოიალური მეთაურები, მათ შორის ახლანდელი თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარი.

სულ, ამბოხების ჩახშობის დროს 250 ადამიანი დაიღუპა. სამხედროთა ჯგუფის მცდელობა, დაემხოთ ერდოანი, ჩაიშალა. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზებაში ბრალს დებს აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირს, ფეთულა გიულენს, რომლის გადაცემასაც ესწრაფვის ანკარა ვაშინგტონისგან.

გიულენთან კავშირის ქონაში ბრალდებით თურქეთში ასი ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს, მოხდა ფართო წმენდა სახელმწიფო აპარატსა და არმიაში.

ადრე სამუდამო პატიმრობა უკვე მიუსაჯეს 2500-მდე ადამიანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG