Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, გარდა მედიცინის პროგრამებისა


პროფესიული სასწავლებლები და უნივერსიტეტები სრულად დისტანციურ ფორმატზე გადადიან, გარდა მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, - ამის შესახებ მედიას საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, ვინაიდან მედიცინის მიმართულება ქვეყნისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია, უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, მედიცინის აკადემიურ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურად ჩაატარონ:

„ეს ეხება მხოლოდ მედიცინის პროგრამებს. უნივერსიტეტები უფლებამოსილნი არიან რომ მათი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურად ჩაატარონ, რასაკვირველია სამედიცინო პროტოკოლი როგორც ზედმიწევნით დაცული იყო აქამდე, ეს გაგრძელდება“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს შორისაა დიდ ქალაქებში სკოლების, პროფსასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრულად დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.კერძო და საჯარო ბაღები კი მუშაობას აჩერებენ.

საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შედის ძალაში.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შეზღუდვა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა. მაშინ ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვადასხვა დროს მოქმედებდა "კომენდანტის საათი", აკრძალული იყო ეკონომიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის დახურული იყო კაფე-ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო პროცესი კი სულად ონლაინსივრცეში გადავიდა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა, თუმცა მანამდე პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე დაეწესებინა. სწორედ ამ უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების მსგავსია. ამ რეგულაციის ფარგლებში ამ დრომდე აკრძალულია 22:00 საათიდან 05:00 საათამდე 7 ქალაქში გადაადგილება, საგანმანათლებლო პროცესი კვლავ ონლაინსივრცეში გადავიდა, აკრძალულია დახურულ და ღია სივრცეებში პირბადის გარეშე გადაადგილება და კვლავ დახურულია ბიზნესის ერთი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG