Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა ე.წ საზღვრის დამრღვევების დაკავების ფაქტები დაადასტურა


რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე.
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ საზღვრის დამრღვევების დაკავების შესახებ იუწყება. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის სიახლოვეს 11 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ „სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთით, სოფელ ოძისში მცხოვრები ნათესავებისთვის პროდუქტების მიწოდებას. დე ფაქტო ხელისუფლებას ოძისი ხაშურის რაიონად აქვს მოხსენიებული, ეს სოფელი კი მცხეთის მუნიციპალიტეტში შედის.

დე ფაქტო უშიშროებას დაკავებების ამბავი პროპაგანდის სტილში აქვს გადმოცემული, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები ქართველი ნათესავების დასახმარებლად პროდუქტებს ე.წ საზღვრის მიღმა აწვდიან.

„დაკავებულთა ინფორმაციით, მათმა ნათესავებმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო დაკარგეს სამსახურები, აღარ გააჩნიათ საარსებო სახსრები, საქართველოს ხელისუფლება კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დაპირისპირებით არის დაკავებული და მოსახლეობის დახმარებაზე უარი თქვა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ცნობაში. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ დაკავებულები ახალგორის საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ორი კვირით გადაიყვანეს და რადიო თავისუფლების ადგილობრივი წყაროს ცნობით, დღეს, 26 ნოემბერს, ერთი მათგანი საავადმყოფოდან გაიქცა და სავარაუდოდ, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესრელიზში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრების დაკავების შესახებაც არის საუბარი. მირიან თაზიაშვილი სოფელ ზარდიანთკარის სიახლოვეს, მეზობელ სოფელ ხელჩუასთან 20 ნოემბერს დააკავეს. ამავე ცნობით, თაზიაშვილის მიერ ე.წ საზღვრის დარღვევის მიზეზი ზარდიანთკარში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გახდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მირიან თაზიაშვილის ცოლი, ცისანა თაზიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მისი მეუღლე ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემთხვევით მოხვდა. გარდა ამისა, ოკუპირებული რეგიონის პროპაგანდა ზოგადად საქართველოში მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე წერს, თუმცა ახალგორის ოკუპირებულ რაიონში იმდენად რთული ვითარებაა, რომ იქიდან ხალხი უკვე გარბის და ამას ძირითადად შემოვლითი გზებით აკეთებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ჯანდაცვის სისტემა კი იმდენად სუსტია, რომ მძიმე ავადმყოფები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თბილისის კლინიკებში გადმოჰყავს, მათ შორის, არიან დე ფაქტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნათესავები და ახლობლები, თუმცა პროპაგანდა ამ ფაქტებზე დუმილს ამჯობინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG