Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცებს ბაიდენის გამარჯვებას


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად დაამტკიცებს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვებას - თუმცა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას არჩევნების შედეგებთან.

"ცხადია, ამას გავაკეთებ. და თქვენ იცით ეს", - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს 26 ნოემბერს პასუხად კითხვაზე, აპირებს თუ არა, აღიაროს საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება.

გავლენიანი რესპუბლიკელი კანონმდებლები და თეთრი სახლი მანამდე აცხადებდნენ, რომ ტრამპი თეთრ სახლს 20 იანვარს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია დაამტკიცებდა არჩევნების შედეგს, თუმცა თავად ტრამპისგან ეს პირველი განცხადება იყო ამ თემაზე.

თუ საარჩევნო კოლეგია შედეგებს დაამტკიცებს, ის "შეცდომას დაუშვებსო", თქვა ტრამპმა და დასძინა, "დამარცხების აღიარება ძალიან ძნელი იქნება".

საარჩევნო კოლეგია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს ადგენს, 14 დეკემბერს შეიკრიბება ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად. შტატების მიხედვით, ბაიდენმა კოლეგიაში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232.

ტრამპი აცხადებს, რომ შედეგების დამტკიცებამდე კიდევ "ბევრი რამ" მოხდება და კვლავ იმეორებს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.

ტრამპს ჯერ კიდევ არ უღიარებია არჩევნებში დამარცხება, თუმცა მისმა ადმინისტრაციამ 23 ნოემბერს ოფიციალურად დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რამაც ბაიდენს გზა გაუხსნა სადაზვერვო ინფორმაციის მიღებისკენ და ფინანსების, საოფისე ფართის თუ ფედერალურ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG