Accessibility links

logo-print logo-print

ბლუმბერგი: AstraZeneca სავარაუდოდ ვაქცინის ახალ გლობალურ გამოცდას ჩაატარებს


ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca სავარაუდოდ ჩაატარებს დამატებით გლობალურ გამოცდას, რათა შეაფასოს COVID-19-ის საწინააღმდეგო თავისი ვაქცინის ეფექტიანობა დაბალი დოზის გამოყენების დროს, იმ ფონზე, როცა კომპანიის მიერ გვიანდელ სტადიაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ გარკვეული კითხვები აღძრა.

ამ ცნობის ფონია ზოგიერთი ექსპერტის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ეჭვებმა, რომლებიც აღძრა ამ ბრიტანულ-შვედური კომპანიის განაცხადმა თავისი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, შესაძლოა გადაავადოს ამ მედიკამენტის დამტკიცება აშშ-ის და ევროკავშირის სარეგულაციო ორგანოების მხრიდან.

ამ ვაქცინას, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა, პირველ ეტაპზე მიესალმნენ, როგორც უფრო იაფს და შესანახად უფრო ადვილს, ვიდრე სხვა კომპანიების, Pfizer-BioNTec-ის და Moderna-ს მიერ შემუშავებული ვაქცინები იქნება. AstraZeneca-ის ვაქცინის ერთი დოზა 2,50 დოლარამდე ღირს, მაშინ, როცა Pfizer-ის ვაქცინის ფასი დაახლოებით 20 დოლარია, Moderna-ის - 15-დან 25 დოლარამდე მერყეობს. მაგრამ რამდენიმე მეცნიერმა ეჭვები გამოთქვა კვლევის შედეგებზე, რომელთა თანახმადაც AstraZeneca-ის ვაქცინამ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა საცდელ პირთა ჯგუფში, რომელთანაც პირველ ეტაპზე ნახევარი დოზა გამოიყენეს, შემდეგ სრული.

AstraZeneca-ის მთავარმა მკვლევარმა, მენე პანგალოსმა 23 ნოემბერს სააგენტო "როიტერსს" უთხრა, რომ მკვლევრებმა ნახევარ და შემდეგ სრული დოზის რეჟიმს შემთხვევით მიაგნეს და განაცხადა, რომ ამ ჯგუფს პირველ ეტაპზე მცირე დოზა შემთხვევით გაუკეთდა.

ვითარებას ართულებს ისიც, რომ, მეცნიერთა თქმით, ეფექტიანობის ეს მაღალი, შემთხვევით აღმოჩენილი მაჩვენებელი მომდინარეობს ჯგუფიდან, რომელშიც 55 წელზე ნაკლები ასაკის ცდის პირები იყვნენ ჩართულნი, რომლებსაც ნაკლები ალბათობა ჰქონდათ COVID-19-ის სერიოზული გართულებების განვითარების.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG