Accessibility links

logo-print logo-print

სომხეთის ეკონომიკის ახალი მინისტრი წარმოშობით საქართველოდანაა


სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, ეკონომიკის მინისტრად ვაჰან ქერობიანი დანიშნა. ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობა 23 ნოემბერს დატოვა.

ვაჰან ქერობიანი მიწოდების სერვისის კომპანია Menu Group-ის დამფუძნებელია, რომელიც საქართველოს ბაზარზე menu.ge-ს ბრენდის ქვეშ მუშაობდა. კომპანიამ საქართველოს ბაზარი ამ ზაფხულს დატოვა.

ოქტომბერში ქერობიანმა თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ საბრძოლველად ყარაბაღში მიდიოდა.


ინტერნეტპორტალ Jnews-ის თანახმად, ვაჰან ქერობიანი წარმოშობით საქართველოდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახიდანაა.

„სომხეთის მთავრობაში დანიშნულ ახალ მინისტრებს შორის ვაჰან ქერობიანი მეორე მინისტრია, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდანაა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვაგარშაკ არუტუნიანი დავიდ ტონოიანმა შეცვალა, რომელიც ახალქალაქშია დაბადებული“, - წერს Jnews-ი.

ამ კვირაში სომხეთის მთავრობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, განათლების, შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრებმა.

სამთავრობო ცვლილებების ფონია პოლიტიკური კრიზისი სომხეთში, რასაც ბიძგი მისცა 42-დღიან ომში აზერბაიჯანთან განცდილმა მარცხმა მთიან ყარაბაღში და ბრძოლების შეწყვეტის შესახებ სამმხრივმა აზერბაიჯანულ-რუსულ-სომხურმა განცხადებამ, რასაც სომხეთის ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანება „კაპიტულანტურს“ უწოდებს და მოითხოვს ქვეყნის მთელი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ამ მოთხოვნას მხარს უჭერს სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი.

წინა კვირაში მან გამოთქვა მოწოდება, გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რომელიც წარმოიშვა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად. სარქისიანი განცხადებით გამოვიდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

არჩევნები „ქვეყანას რყევისგან იხსნის“ ექვსკვირიანი ომის შემდეგ, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო „ტერიტორიების დაკარგვამდე“, თქვა სარქისიანმა ხალხისადმი მიმართვაში 16 ნოემბერს.

სომხეთის 17 ოპოზიციური ძალა ნიკოლ ფაშინიანს „სახელმწიფო ღალატში“ სდებს ბრალს აზერბაიჯანსა და რუსეთთან მთიანი ყარაბაღის თაობაზე ხელმოწერილი „კაპიტულანტური“ შეთანხმების გამო.

სამმხრივი ერთობლივი განცხადების თანახმად, სომხეთმა 20 ნოემბერს აზერბაიჯანს გადასცა სომეხ სეპარატისტთა ხელთ არსებული მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აღდამის რაიონი.

25 ნოემბერს იმავე ბედს გაიზიარებს ქელბაჯარის რაიონი, საიდანაც სომხეთთან დამაკავშირებელი რთული სახმელეთო გზით, მეორე კვირაა, ინტენსიურად ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობისა და სომხური სამხედრო დანაყოფების ევაკუაცია.

ხოლო 1 დეკემბრამდე სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს მესამე, ლაჩინის რაიონი, გარდა სომხეთსა და სეპარატისტულ ანკლავს შორის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნისა, რომელიც უკვე აიყვანეს კონტროლზე სამშვიდობო მისიით აღჭურვილმა რუსმა სამხედროებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG