Accessibility links

logo-print logo-print

გახარიას ღია წერილით მიმართავენ COVID-19-ის პირობებში ბავშვთა მდგომარეობის საკითხზე


საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავენ. წერილში, რომელსაც ხელს აწერენ „World Vision საქართველოს", „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლისა" და „Save the Children International“-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები, საუბარია პანდემიის პირობებში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არ არიან პანდემიის პირველადი მსხვერპლები, მათ განსაკუთრებით შეეხოთ Covid-19-ით გამოწვეული უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. ქვეყნის მიერ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის პროგრესის კუთხით მიღწეული შედეგები ახლა სერიოზული საფრთხის ქვეშაა“, - ნათქვამია წერილში.

ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე, რომელიც Covid-19-ის თემაზე 3-4 დეკემბერს გაიმართება, საქართველომ გამოხატოს საკუთარი ინტერესი ბავშვთა პრობლემების მიმართ, გაზრდილი დაფინანსების, მიზნობრივი პროგრამების გაძლიერებისა და პანდემიაზე ქვეყნის რეაგირების გეგმაში ბავშვთა საკითხების პრიორიტეტულობის კუთხით.

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული ის ძირითადი პრობლემები, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვთა დაცვისა და განვითარების საკითხს ქვეყანაში. „Covid-19-ის შედეგების სწრაფი შეფასების კვლევით, რომელიც 2020 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision საქართველომ" ჩაატარა, მაღალი ეკონომიკური მოწყვლადობის ოჯახების ბავშვების 59.4 პროცენტი საერთოდ არ იყო ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამაში. ორგანიზაციის „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მონაცემების თანახმად, ორგანიზაციის ბენეფიციარი ბავშვების 27 პროცენტს საერთოდ არ ჰქონდა ინტერნეტთან ან სათანადო ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა“, - ნათქვამია წერილში.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული უარყოფითი შედეგები განსაკუთრებით მტკივნეულია ბავშვებისათვის და მათ კეთილდღეობას, მომავალს გრძელვადიან საფრთხეს უქმნის. „ოჯახების სიღარიბის მაჩვენებელი გაღრმავდა და მაგალითისათვის, ორგანიზაცია „World Vision საქართველოს" მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ოჯახების შემოსავალი კახეთის რეგიონში შემცირდა 21.1 პროცენტით, იმერეთის რეგიონში 17.1 პროცენტით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 16 პროცენტით. სახელმწიფოს მიერ შემოღებული რეგულაციების შედეგად საქართველოში უკიდურესად დამძიმდა ქუჩასთან დაკავშირებული და მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა, რადგან დაიხურა დღის ცენტრები მიუსაფარი ბავშვებისათვის და ამ ცენტრების ბენეფიციარები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდებოდნენ, რომ არ განხორციელებულიყო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ ოჯახებში საკვების დისტრიბუცია", - აღნიშნულია წერილში.

წერილში, ასევე, ვკითხულობთ, რომ Covid-19-მა წარმოშვა და გააღრმავა შემდეგი რისკები:

  • ხელმისაწვდომობა ძირითად მომსახურებებზე (საგანმანათლებლო, განმავითარებელი, სარეაბილიტაციო);
  • თანატოლთა შორის სოციალური ურთიერთობების რღვევა;
  • ფსიქოსოციალური სირთულეების ზრდა ბავშვებსა და მათ მზრუნველებში;
  • ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხის და შფოთვის შეგრძნების ზრდა;
  • ოჯახების შემოსავლის შემცირება;
  • მშობლების მომატებული სტრესისა და შფოთვის პირობებში;
  • ბავშვთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის ზრდის რისკები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ გაზრდილი სტიგმა და სოციალური იზოლაციის გაღრმავების რისკები;
  • 5 წელზე ასაკის ქვემოთ ბავშვების ნუტრიციული დეფიციტი და განვითარების შეფერხების რისკები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG