Accessibility links

logo-print logo-print

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე სასამართლო იმსჯელებს 30 ნოემბერს


„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის მიზნით სასამართლოს სხდომა 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

როგორც მშვენიერაძე „ფეისბუკზე" წერს, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილს საქალაქო სასამართლოში უკვე დაუდასტურეს, რომ პროკურატურის შუამდგომლობით, წინასასამართლო სხდომა 4 დეკემბერს აღარ შედგება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროკურატურის მოთხოვნით, საქმეზე გამოძიების ვადა გაგრძელდა. მეტი დეტალი ხვალ გვეცოდინება", - დასძენს მშვენიერაძე.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოითხოვეს 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG