მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციისას დაკავებული ორი აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არიან გადაყვანილნი.
მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქტივისტები მათთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს:
„ორი პიროვნებაა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევისთვის, 173-ე მუხლით“.
აქტივისტები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი, სხვა აქტივისტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად, აპროტესტებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პარლამენტის შესასვლელთან დამონტაჟებულ რკინის ბარიერებზე წარწერები გაეკეთებინათ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
დაწერეთ კომენტარი