Accessibility links

logo-print logo-print

ნამახვანის ჰესის მშენებელი კომპანია: კომპანიის წინააღმდეგ სპეკულაციები ვრცელდება


წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში, ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

კომპანია მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს, რომლებიც კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით ვრცელდება:

„ენკას“ არანაირი ტექნიკური თუ კომერციული ურთიერთობა არ გააჩნია შუახევი ჰესის პროექტთან. „ენკა“ აჭარაში აშენებული ამ ჰესის არც მფლობელია, არც მშენებელი კომპანია. ვრცელდება უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს კომპანია ხეობაში 3000 თურქი მუშახელის ჩასახლებას გეგმავს. პროექტის ფარგლებში არ არსებობს არანაირი გეგმა თურქეთის მოქალაქეების რიონის ხეობაში ან საქართველოს სხვა რეგიონში ჩამოსახლებასთან დაკავშირებით.

სპეკულაციები კაშხლის უსაფრთხოებასთან, დატბორვის საშიშროებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, გეოლოგიურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით არანაირ სამეცნიერო შესწავლასა თუ კვლევას არ ეფუძნება, მაშინ, როდესაც თავად „ენკა“ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე ცნობილ საინჟინრო კომპანიებსა და გამოცდილ ექსპერტებთან თანამშრომლობს. „ენკას“ ჩატარებული აქვს ყველა კვლევა, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა პროექტის ამ სტადიაზე მოითხოვს.

„ენკამ“დამატებით გამოიკვლია ექსტრემალური სეისმური სცენარები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ კაშხლის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და პროექტი სრულ შესაბამისობაშია დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის ნორმებთან და სტანდარტებთან. აღნიშნული დამატებითი კვლევის შედეგები საჯაროდ იქნა წარმოდგენილი 2020 წ. 19 ოქტომბერს თბილისში, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ კონფერენციაზე, რომელსაც ჰიდროინჟინერიის ექსპერტები, სამეცნიერო წრეების, ჰიდროელექტროსადგურების დეველოპერი კომპანიებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. დარგის სპეციალისტების აღიარებით, ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხალი ყველაზე უსაფრთხო იქნება საქართველოში არსებულთაგან“.

კომპანიის განცხადების თანახმად, გარდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევებისა, „ენკამ“ ინტენსიურად იმუშავა ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ყველა ასპექტის კვლევაზეც:

„განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, სეისმურობა, მეწყერსაშიში ზონები, ჰიდროლოგია, კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინა დიზაინის ოპტიმიზება საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად“.

კომპანიის განმარტებით, 2020 წ. 22 აპრილს „ენკა რინიუებლზის“ სახელზე გაიცა განახლებული ნებართვა (სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვა №60-04), რომლის ფარგლებშიც, ამ ეტაპზე, კომპანიისთვის ნებადართულია მოსამზადებელი რიგისა და მიწის სამუშაოების განხორციელება.

„ხსენებული დოკუმენტის თანახმად, დასაშვებია დეტალური პროექტებისა და საექსპერტო დასკვნების წარდგენა ეტაპობრივად, თითოეული სტრუქტურის მიხედვით. ამ ეტაპზე სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენილია და მასთან შეთანხმებულია სადერივაციო გვირაბის დეტალური პროექტი შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით. საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, უკვე პრივატიზებულია „ენკა რინიუებლზის“ მიერ. ამჟამად სრულდება დარჩენილი ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესი, რის შემდეგაც მათი გადმოცემის პროცესი დაიწყება“.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, „ენკა“ განაგრძობს მჭიდრო კავშირს ხეობის მოსახლეობასთან მდგრადი და ბიზნესზე ორიენტირებული სათემო საინვესტიციო პროექტების შემუშავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. კომპანიის თაოსნობით იქმნება ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის წარმოებას, ბოთლების დამზადებას, ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების ღვინისა და თაფლის რეალიზებას. სულ ახლახანს გაფორმდა ხელშეკრულებები ადგილობრივი წარმოების 4 ტონა თაფლის ყაზახეთის ბაზარზე რეალიზებისა და 5 ტონის რუსეთის ბაზარზე გაყიდვის თაობაზე. ამავდროულად, ადგილობრივ მეღვინეთა შემოსავლის გაზრდის მიზნით ხეობაში ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყება.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში თითქმის ერთი თვეა გრძელდება. 29 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს გაიმართა ხალხმრავალი აქციებიც. 14 ნოემბერს გამართული აქცია, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს, პოლიციამ ძალით, მიწოლით დაშალა.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე.

განცხადებაში ვკითხულობთ ასევე, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG