Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთი "ძირგამომთხრელს" უწოდებს სანდუს განცხადებას დნესტრისპირეთიდან რუსი მშვიდობისდამცველების გასვლაზე


მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოლდოვის არჩეული პრეზიდენტის მიერ რუსი მშვიდობისდამცველების მისამართით ნათქვამი სიტყვები „ძირს უთხრის" დნესტრისპირეთის სამშვიდობო მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„გვსურს შევახსენოთ, რომ უკვე 25 წელია, რაც რეგიონში, სადაც რუსი მშვიდობისდამცველები იმყოფებიან, შენარჩუნებულია სტაბილურობა, არ იღვრება სისხლი და არ ისმის სროლა“, - განაცხადა ბრიფინგზე მარია ზახაროვამ.


უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, მოლდოვის არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად საჭიროა რუსი მშვიდობისდამცველების იქიდან გაყვანა.

მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა, სანდუს განცხადებას უწოდა სერიოზული შეცდომა.

ამჟამად დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი 1700 სამხედრო მოსამსახურის ოდენობით. მათი ნაწილი სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში შედის. ასევე რუსეთის სამხედროები იცავენ იარაღის მსხვილ საწყობებს სოფელ კოლბასნაში. მოლდოვის ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით, მაგრამ საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც 15 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა სანდუსთან ორთაბრძოლაში, ეწინააღმდეგებოდა ჯარების გაყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG