Accessibility links

logo-print logo-print

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საგარეო უწყება, როგორც წესი, თავს იკავებს ამ ფორმატში გამართულ შეხვედრებზე კომენტარის გაკეთებისგან, მათ შორის, იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა.

უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს, მოლაპარაკება, არ მიმდინარეობს.

„მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრესრელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც, სამწუხაროდ, მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსსა და საუბრის თემატიკას. კერძოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე, როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს, არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისთვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი.

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს. აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

27 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა ილაპარაკეს 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე: „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, თბილისში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ სხვადასხვა ხასიათის საპროტესტო წარწერები დატოვეს. სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, დააკავეს ორი აქტივისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG