Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართვის მოწმობის აღება ხვალიდან დროებით ჩერდება


კორონავირუსის პანდემიის გამო ხვალიდან, 30 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო პროცედურები დროებით ჩერდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეზღუდვა არ გავრცელდება მათზე, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.

"ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც", - აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, ხვალიდან, 30 ნოემბრიდან იზღუდება:

  • მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების სერვისი;
  • მოქალაქეები დროებით ვერ ისარგებლებენ ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში სასურველი მომსახურებით.

"მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს,
პარასკევსა და შაბათს", - აცხადებენ შსს-ში.

28 ნოემბრიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები დაწესდა. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG