Accessibility links

logo-print logo-print

პროტესტის 35-ე დღეს რიონის ხეობის მოსახლეობა დახმარებისთვის აშშ-ის ელჩს მიმართავს


ნამოხვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა. აქციის მთავარი მიზანი ამერიკის ელჩისადმი გზავნილია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა კელი დეგნანს სთხოვს საკითხით დანტერესებას და დახმარებას.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, რომ კომპანია "ენკამ" შეაჩეროს სამუშაოები. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 35-ე დღეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვას გამოიწვევს და ამის მიზეზი 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობა იქნება.

მათივე ინფორმაციით, დატბორვის გამო ფიზიკური განსახლება ემუქრება 100 ოჯახს, ხოლო პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას კიდევ უფრო მეტი ოჯახი გამოცდის საკუთარ თავზე.

განცხადებაში ვკითხულობთ ასევე, რომ ამ ჰესის აშენებას თან ახლავს სერიოზული სეისმური საფრთხეც და მოჰყავთ ექსპერტების შეფასება, რომლის თანახმად, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

კრიტიკის საგანია ისიც, რომ ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი კანონით სავალდებულო ის ინფორმაცია, რომლის წარდგენაც კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაავალა მას შემდეგ, რაც 2020 წლის 28 თებერვალს პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

მშენებელ კომპანიას უკვე აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც, რომელიც ასევე ითვალისწინებს მთელი რიგი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოედგინა.

„ამ ეტაპზე ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG