Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაკრძალეს ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, თეირანი მის მოკვლას ისრაელს აბრალებს


ირანში მიწას მიაბარეს წამყვანი ფიზიკოსი, ბირთვული სფეროს სპეციალისტი მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ახლახან მოკლეს. თეირანი მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს.

დაკრძალვის ოფიციალური ცერემონია სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ცერემონიას დაესწრნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი ამირ ჰათამი.

ფახრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის გარეუბანში. როგორც ნახევრად სახელმწიფო სააგენტო ფარსი იტყობინება, თვითმხილველებმა გაიგონეს აფეთქების, შემდეგ კი ავტომატური იარაღის სროლის ხმა. ფარსის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ფახრიზადე.

ფახრიზადე ადრე ხელმძღვანელობდა ირანის ბირთვულ პროგრამას „ამადს“. ისრაელი და დასავლეთი თვლიან, რომ ეს პროგრამა იყო სამხედრო ოპერაცია და მისი მიზანს წარმოადგენდა ირანის ბირთვული იარაღის შექმნა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, პროგრამა „ამადი“ დასრულდა 2000-იანი წლების დასაწყისში.

ირანმა თავდასხმისთვის ისრაელს დასდო ბრალი. ამ უკანასკნელმა უარი თქვა ინციდენტის კომენტირებაზე.

მიუხედავად შურისძიების მოწოდებებისა, მთავრობის წარმომადგენლის, ალი რაბიეის თქმით, მაინც არსებობს შანსი დიპლომატიისთვის. მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა „შესაფერის დროს“ იძიებს შურს მომხდარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG