Accessibility links

logo-print logo-print

მოსკოვის სასამართლომ სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა ივან საფრონოვს


მოსკოვის სასამართლომ ორშაბათს სამი თვით გაუგრძელა პატიმრობა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის ყოფილ მრჩეველს, ივან საფრონოვს, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.

სასამართლოს სხდომაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს. სხდომაზე არ უშვებდნენ არც ბრალდებულის ნათესავებს, მაგრამ მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ისინი შეუშვეს დარბაზში.

საფრონოვი „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი ჟურნალისტი და შემდგომ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელის მრჩეველი იყო.

ფსბ-ს ვერსიით, 2017 წელს საფრონოვმა გაგზავნა მასალა, რომელიც „ჩეხეთში მიღებულ იქნა პირის მიერ, რომელიც, შესაძლოა, ამ ქვეყნის დაზვერვასთან იყო კავშირში“. ფსბ-ს გამომძიებელთა მიერ წარმოდგენილი კიდევ ორი გამოძიება „აანალიზებს მისი სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის შედეგებს“.

გამოძიების თანახმად, საფრონოვი 2012 წელს გადაიბირეს, 2017-ში კი მიიღო დავალება, შეეგროვებინა მონაცემები რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და ახლო აღმოსავლეთში რუსეთის სამხედროების მოქმედებების შესახებ, რაც მან შეასრულა.

საფრონოვი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის თქმით, თავისი კლიენტის საქმეში არ უნახავს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საფრონოვის ყოფილი კოლეგები მიიჩნევენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე დაკავშირებულია მხოლოდ მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG