Accessibility links

logo-print logo-print

არიზონის შტატმა ოფიციალურად დაადასტურა ჯო ბაიდენის გამარჯვება


არიზონის შტატის ხელისუფლებამ ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები, რომლის თანახმად, შტატში გაიმარჯვა დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა.

ხმების დათვლის შედეგების დადასტურება ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, თუმცა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა დონალდ ტრამპის განცხადებამ ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნების „გაყალბების“ თაობაზე.

შტატის სახელმწიფო მდივანმა, ქეითი გობსმა და არიზონის გუბერნატორმა, დაგ დიუსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, ჯო ბაიდენმა 10 000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მიცემული ხმების ნაწილის ხელახლა დათვლამ დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა ვისკონსინის შტატშიც.

2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა არიზონაში, ხოლო ბაიდენი მეორე დემოკრატი კანდიდატია 70 წლის განმავლობაში, რომელმაც აღნიშნულ შტატში გაიმარჯვა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც მყარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, სასამართლო დავებით და ხმების ხელახლა დათვლით ცდილობდა საკუთარი გამარჯვების დამტკიცებას, თუმცა, ეს პროცესი მისთვის უშედეგოდ დასრულდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 306.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG