Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი


საქართველომ აზერბაიჯანიდან კოვიდპაციენტების სამკურნალოდ ჰუმანიტარული ტვირთი, სამედიცინო ჟანგბადის დიდი პარტია, 100 ტონა მიიღო და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით მიწოდებაზე, - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ.

„საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს აზერბაიჯანულ კომპანიას Baku steel, რომელმაც უსასყიდლოდ გამოუყო საქართველოს კოვიდ-კლინიკებს 100 ტონა თხევადი სამედიცინო ჟანგბადი და აგრეთვე, ამავე კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოში.

უნდა აღინიშნოს, რომ მთელს ამ შრომატევად პროცესში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა, შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა - ეკონომიკისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროებმა, რკინიგზის დეპარტამენტმა და საბაჟო კომიტეტმა“, - აღნიშულია საელჩოს განცხადებაში.

გუშინ, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს. მინისტრისვე თქმით, მოთხოვნილების 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადით იფარება.

„მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყანაში ჟანგბადით მომარაგების საკითხი სრულად გადაწყვეტილია. კერძოდ, ორი დანადგარი უკვე დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, დეკემბერში კი საქართველოში დამატებით 6 დანადგარი შემოვა. მათგან 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამონტაჟდება, 3 კი - თბილისში.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმადობის გაზრდის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სულ ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი შეიძინა, რომელიც ჯამურად შეძლებს დღიურად 9.3 ტ ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1303-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3759 შემთხვევა. ეს წინა დღესთან შედარებით 543-ით მეტია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 139 343 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3574-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 117 560.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG