Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან ბჟანია: ქართველები ენგურჰესის რემონტს აპირებენ, დენი არ იქნება


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე შეეხო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების საკითხს.

რუსეთში გახშირებულ ვიზიტებზე საუბრისას ბჟანიამ დასძინა, რომ „ერთი ვიზიტიც არ ყოფილა, რომელსაც სარგებელი და იმედი არ მოეტანოს აფხაზეთისთვის".

„აფხაზეთში ელექტროენერგია რუსეთიდან შემოვა, ეს კი ფული ღირს. ეს მოლაპარაკების საგანი იყო. ჩვენ რუსეთთან ვალში ვართ. 2020 წლის იანვარ-თებერვლისა და მარტის ნახევრის დავალიანება გვაქვს, 600 მილიონი რუბლი. ელექტროენერგიის ჩვენს წილს - 40%-ს, ენგურჰესიდან გამოვიმუშავებთ, წელს ეს უკვე მივიღეთ. ქართველები 2021 წლის თებერვალ-მარტში სადგურის რემონტს გეგმავენ. ელექტროენერგია არ იქნება. ვინ დაგვეხმარება? რუსეთი გვეხმარება, მაგრამ ამ დახმარებას მოლაპარაკება სჭირდებოდა“, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო ენგურჰესია, ჰესის გაჩერებას გამოიწვევს სადერივაციო გვირაბზე საჭირო სარემონტო სამუშაოები.

„ენგურჰესის სხვადასხვა ობიექტზე რეაბილიტაციის პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჰესის გაჩერებას მოითხოვს სადერივაციო გვირაბის რემონტი, რომელიც 2021 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისამდე გაგრძელდება“, - ამის შესახებ შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია აცხადებს.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მართვის პულტი კი დე ფაქტო რესპუბლიკის მხარესაა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „ეკონომიკის სამინისტროს“ განცხადებით, რუსეთიდან ელექტროენერგის მიწოდება, სავარაუდოდ, 1 დეკემბრიდან დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG