Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მივიღებთ ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას!“ - რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ


ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის პოზიციის შესახებ რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებულები არიან ცქიტიშვილის 27 ნოემბრის განცხადებით. როგორც ვიცე-პრემიერმა თქვა, 6-7 იანვარს შობის აღნიშვნის მიზნით დაშვებული იქნება გამონაკლისი, ხოლო არგუმენტად მან დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია და უქმე დღეების უმრავლესობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ პანდემიასთან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას, „რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ“.

„პრემიერ-მინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა - საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა - აკრძალული. მაგრამ, მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს.

აქვე გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმინაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებასთან გვქონდა საქმე, - თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის - გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორციელბლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა.

იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართველოს კანომდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები აცხადებენ, რომ მაღალი სოციალური პასუხიმგებლობით ეკიდებიან პანდემიასთან საერთო-ეროვნულ ბრძოლას. ისინი აღნიშნავენ, რომ გაცნობიერებული აქვთ, რომ საქმე ეხება ვერაგ დაავადებას და რამდენად მნიშვნელოვანია მასთან გამკლავების პროცესში მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია. მათი განცხადებით, მით უფრო, ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არ უნდა იწვევდეს მწვავე უსამართლობის განცდას, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს.

„ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანასწორო მოპყრობის საფუძველად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორობის პრინციპი საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული!

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს საიმისოდ, რომ არ შეგვექმნას დაბრკოლება სოციალური და საქველმოქმედო მსახურების პროცესში. მზად ვართ, ამ, და ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განსახილველად შევხვდეთ საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ქართველ მუსლიმთა კავშირი

2. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

3. ევანგელისტური ეკლესია

4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

5. სახარების რწმენის ეკლესია

6. აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

7. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

8. მეგობრთა საზოგადება - კვაკერები

9. სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება

10. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

11. ხსნის არმია

მთავრობის მიერ შემდეგი ორი თვის განმავლობაში დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვებს შორის გამონაკლისი 2 დღეა - ახალი წლის, 31 დეკემბრის ღამე და შობის - 6 იანვრის ღამე. ამ ორ დღეს მოქალაქეებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდეც შეეძლებათ ფეხით და ტრანსპორტით სიარული, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG