Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტს ბირთვული პროგრამის საკითხში პოზიციის გამკაცრება სურს


ირანის კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს ინსპექტორების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმების შეწყვეტას და ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებას, თუკი 2015 წლის შეთანხმების დარჩენილი ხელმომწერები არ შეასუსტებენ თეირანის წინააღმდეგ სანქციებს.

ირანის მკაცრი კურსის პარლამენტმა 1 დეკემბერს მიიღო კანონი. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ეს გაკეთდა დაუმორჩილებლობის საჩვენებლად მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ დაიღუპა ირანის ბირთვული სფეროს წამყვანი სპეციალისტი. მის სიკვდილში ირანი ისრაელს სდებს ბრალს.

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ - გაჰყვიროდნენ კანონმდებლები მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მიიღო. ახლა ის საკონსტიტუციო-საზედამხედველო ორგანომ, გუშაგთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არ შეცვლის ირანის პოლიტიკას ბირთვულ სფეროში და აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილება უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს პრეროგატივაა.

აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივი წესით დატოვა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება თეირანსა და მსოფლოს წამყვან სახელმწიფოებს შორის და ირანისთვის დამანგრეველი სანქციების დაწესება დაიწყო.

საპასუხოდ ირანმა დაარღვია გარიგების პირობები. ეს გარიგება სანქციების შეწყვეტას გულისხმობდა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ. მაგრამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები განაგრძობენ ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმებას, რაც 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG