Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის გენერალური პროკურორის თანახმად, არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბება არ მომხდარა


აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ჯერჯერობით არ აღმოუჩენია იმ მასშტაბის გაყალბება, რომელსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განუცხადა სააგენტო Associated Press-ს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკური მოკავშირე უილიამ ბარი 3 ნოემბრის არჩევნებამდე არაერთხელ დაეთანხმა დონალდ ტრამპის მოსაზრებას, რომ ფოსტით ფართომასშტაბიანი ხმის მიცემა შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო არჩევნების გაყალბებისთვის. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს მიანიჭა უფლებამოსილება, გამოიძიონ საარჩევნო დარღვევების შესახებ ნებისმიერი არსებითი ბრალდება.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამმა, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, სასამართლო დავებით და ხმების ხელახლა დათვლის ინიცირებით სცადა საკუთარი გამარჯვების დამტკიცება, თუმცა, ეს პროცესი მისთვის უშედეგოდ წარიმართა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხმების ხელახლა დათვლის შედეგად, დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურეს ჯორჯიის, არიზონის და ვისკონსინის შტატებმა.

1 დეკემბერს, ტრამპის იურისტებმა ვისკონსინის უმაღლეს სასამართლოში იჩივლეს და მოითხოვეს, რომ ბათილად გამოცხადდეს 220 ათასზე მეტი ბიულეტენი და შტატის ხელისუფლებამ გაიწვიოს ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 306.

ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG