Accessibility links

site logo site logo

სანდრო ურუშაძე: უნდა გაგრძელდეს ე.წ. კლასტერების გამოვლენა, კონტაქტების დადგენა და იზოლირება


სანდრო ურუშაძე

ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირებულების რიცხვი ვერ ასახავს მთლიანად იმ რეალურ სიტუაციას, რაც ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს, მაგრამ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ,- განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სანდრო ურუშაძემ რადიო თავისუფლების გადაცემაში“დილის საუბრები“ კითხვაზე, რაში ადგება საზოგადოებას სტატისტიკის ცოდნა და რა არის ის, რისი მართვაც დღევანდელ მოცემულობაში არის შესაძლებელი.

„რიცხვი რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ-ეს არის ტესტირებით გამოვლენილი პოზიტიური ტესტების რაოდენობა და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკმაოდ მაღალია ეს პროცენტი, რაც იმას გვკარნახობს, რომ არასაკმარისია ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და სასურველია გაიზარდოს ტესტირებების რაოდენობა. გაიზარდოს მოკვლევა კონტაქტების, მათი ვინც დაინფიცირებულია და ზოგადად ეს ტენდენცია, რასაც ადრე კლასტერების გამოვლენა, კონტაქტების დადგენა და იზოლირება ერქვა, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია შესაძლებლობები არის შეზღუდული, მაგრამ რაც შესაძლებელია უნდა გაკეთდეს მაქსიმალურად“, -აღნიშნა სანდრო ურუშაძემ.

ტესტირების რაოდენობის ზრდისა და კლასტერების გამოვლენის პარალელურად, მეორე რიცხვი, რაც მისი აზრით, განსაკუთრებულადაა ყურადსაღები, არის საავადმყოფოში მოხვედრილთა რიცხვი. სანდრო ურუშაძის შეფასებით, მაშინ, როდესაც სამედიცინო სექტორი თითქმის ზღვარზე მუშაობს, საჭიროა არსებობდეს საავადმყოფოში დაწოლისა და საავადმყოფოდან გაწერის მკაფიო ინსტრუქციები, რათა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება იყოს შესაძლებელი.

მესამე ფაქტორი კი, რომელიც კოვიდ ვითარების მართვისთვის არის მნიშვნელოვანი, სანდრო ურუშაძის შეფასებით, არის გარდაცვალებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზებზე დაკვირვება:

„აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ამ გარდაცვალებამ გვასწავლოს რა შეცდომა იყო დაშვებული შემთხვევის მართვაში, რამდენად არის ცხადი ექიმებისთვის ის პროტოკოლი, რომელიც უშუალოდ მკურნალობას ეხება და რამდენად შეგვიძლია ჩვენ მოვახდინოთ მომსახურების ხარისხზე კონტროლი ამ ვითარებაში და რამდენად შეგვიძლია ჩვენ მივაწოდოთ ის პროფესიული მხარდაჭერა, რაც ექთნებს და ექიმებს სჭირდებათ ამ ინფექციის მართვისთვის“, - განაცხადა სანდრო ურუშაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1342-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით 4033 ადამიანის დაინფიცირება. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 143 376 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4061-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 121 621.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG