Accessibility links

site logo site logo

სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაჩერება უწევთ და მთავრობას მიმართავენ


ფოტო არქივიდან

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შეზღუდვების ფონზე, რაც ახლა ქვეყანაში მოქმედებს, მათ გაჩერება უწევთ და იმისთვის, რომ სფერო გადარჩეს მთავრობას შეთავაზებას უგზავნიან. მათ ერთობლივი მიმართვის ტექსტი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაავრცელეს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ წნეხით რესტორნების 80 პროცენტი მუშაობას ვერ შეძლებს, რაც აისახება სამომავლოდ ტურიზმზეც.

"როდესაც კვების ობიექტებისა და რესტორნებისთვის მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა გახდა ხელმისაწვდომი, ინდუსტრია, ფაქტობრივად, იძულებულია, სრულად შეაჩეროს საქმიანობა, ვინაიდან მიტანის სერვისით მიღებული შემოსავლით ვერ შეძლებს აუცილებელი ხარჯის გასტუმრებას. ინდუსტრიისა და მასში მომუშავე ადამიანებისთვის ბანკებში, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელი გახდა ნებისმიერი სესხის აღება, რაც შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებით მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის", - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

სფეროს წარმომადგენლების მიმართვა:

  1. სახელმწიფომ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასის ნახევარი აუნაზღაუროს მომდევნო ორი თვის განმავლობაში;
  2. სახელმწიფო გახდეს გარანტი ფინანსურ ინსტიტუტებთან სესხის აღების დროს;
  3. შემსუბუქდეს დღგ-ს გადასახადი;
  4. შეღავათი დაწესდეს კომუნალურ გადასახადებზე;
  5. კვლავ ამუშავდეს სუბსიდირების პროგრამა.

მთავრობის მიერ გამკაცრებული რეგულაციებით 28 ნოემბრიდან რესტორნებს მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისით მუშაობა შეუძლიათ, რაც მათ შემოსავლებს საგრძნობლად ამცირებს. სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები შეზღუდვების დაწესებამდე აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა მათთვის გაჩერების ტოლფასი იქნებოდა. ამ დროს, როცა მათ შემოსავლები მინიმუმამდე დაეცა, ეზრდებათ გაზზე გადასახადი და ვერ ახერხებენ დასაქმებული ადამიანების ხელფასის გადახდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG