Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს თბილისიდან გრიპის ვაქცინის მიღებას - ამირან გამყრელიძის პასუხი


„ნუჟნაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია უარყოფს, რომ გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს.

„ეს არ გადმოუცია საქართველოს ხელისუფლებას, არამედ გადმოგვცა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-მა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებულია ვაქცინაციისა და მედიკამენტების საკითხით. საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არაფერი მიგვიღია, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს, მით უმეტეს“, - თქვა წახნაკიამ. როგორც ის აღნიშნავს, ვაქცინის გადაცემის საკითხებზე მუშაობს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ჰუმანიტარულ საკითხების მიმართულებით.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვაქცინის საკითხი, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ხაზით შეძენილი აქვს სეზონური გრიპის 235 000 დოზა ვაქცინა, საიდანაც 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადაეცა.

თამაზ წახნაკიას განცხადების შემდეგ ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ვაქცინა გადასცა გაერო-ს შესაბამისი მექანიზმით, „როგორც ვაძლევთ სხვა ვაქცინებს, ტუბერკულოზის, შიდსის და ა.შ.“ გამყრელიძე დასძენს: „ჩვენი სახელმწიფოს მიერ შეძენილი მარაგიდან ეძლევათ ვაქცინა, მაგრამ გაერო-ს მექანიზმით“.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ უშუალოდ მათ ოფისს აფხაზებისთვის არ გადაუცია ვაქცინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG