Accessibility links

logo-print logo-print

ხელისუფლება ძალაუფლების გარეშე  თუ ძალაუფლება ხელისუფლების  გარეშე


ავტორი: სალომე გოგლაძე

ისტორიული პერიპეტიები და ცნობები ადამიანთა სოციალური ურთიერთკავშირის შესახებ ცხადად გვაჩვენებს იმ ფაქტს, რომ ძალმომრეობითი ხასიათის ურთიერთობები, როგორც ცალკეულ პირთა ასევე აღნიშნულ ინდივიდთა კოლექტივებს შორის აგებული იყო მათ მუდმივ ბრძოლაზე ძალაუფლების მოსაპოვებლად. ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა- რისთვის სჭირდებოდათ ადამიანებს ძალაუფლება ? და რას წარმოადგენდა აღნიშნული ძალაუფლების ფენომენი?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი მეცნიერის, სოციოლოგის, პოლიტოლოგის, ფილოსოფოსის და არა მხოლოდ, მოსასზრებებია ჩვენთვის ცნობილი. ფაქტია, ყველა მათგანს ვერ გავიზიარებთ, თუმცა არის ისეთი ნიუანსები, რომლებიც მეტ-ნაკლებად არის გაზიარებული სამეცნიერო საზოგადოებაში. თავდაპირველად , მეცნიერული საფუძვლის ძიება რომ არ დავიწყოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალა და აქედან წარმომდგარი ცნება ძალაუფლებისა, არის ერთგვარი უნარი, მოახდინო გავლენა ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე. ერთ თემაზე მომუშავე საზოგადოება, მსგავსად განსაზღვრავს სამუშაოს არსს და წინასწარ შექმნილი გეგმის მიხედვით მოქმედებს. ეს პროცესი ბუნებრივიცაა და ოპტიმალური ვარიანტიც იმისათვის, რომ მოცემული სამუშაო მაქსიმალურად ადეკვატურად, დროულად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხიანად შესრულდეს. დავსვამ კითხვას- ვის შესწევს ძალა, რომ შექმნას მსგავსი გეგმა? - რა თქმა უნდა, საქმის პროფესიონალს, გონიერ პიროვნებას. მსგავსი ადამიანი შესაძლოა ჯგუფში იყოს ერთი, გამოკვეთილი ლიდერი ან რამდენიმე. პირველ შემთხვევაში გვესმის ვის ხელშიც აღმოჩნდება მართვის სადავეები და ძალა იმისა, რომ მართოს კონკრეტული ჯგუფი. აი, მეორე შემთხვევაში კი, საქმე ოდნავ რთულადაა. ბრძოლა ძალაუფლებისთვის ანუ უნარისთვის, რომელიც ადგენს დღის წესრიგს და ამავდროულად, ახდენს აშკარა ზეგავლენას სხვათა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე სრულიად რაციონალური და ბუნებრივი პროცესია კონკურენტულ გარემო პირობებში. რა თქმა უნდა გამორჩეულ ადამიანებს შესწევთ უნარი, მსგავს სიტუაციაში მიაღწიონ წარმატებას. ეს უკანასკნელნი კი სწორედ, ძალაუფლების მოპოვებაში გამოიხატება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ბერკეტს მართვის პროცესში.

სამყაროს საუკუნოვან განვითარებასთან ერთად გვაქვს საშუალება იმისა, რომ თვალი გავადევნოთ ძალაუფლების ტრანსფორმირების ფაზებს. ვთქვათ, რომ ძალაუფლება არის საწინდარი ყოველგვარი სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, მორალური, რელიგიური ურთიერთობებისა თუ არა. შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენადაა ის, ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და რამდენად განსაზღვრავს სახელმწიფოს ან ხელისუფლების, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის არსებობის პროცესს. შეგვიძლია ვისაუბროთ ორ დიქოტომიურ მოცემულობაზე, ხელისუფლება ძალაუფლების გარეშე თუ ძალაუფლება ხელისუფლების გარეშე. რომლის არსებობაა უფრო მისაღები თანამედროვე სამყაროში და რა გვასწავლა წარსულის ისტორიულ-პოლიტიკურმა გამოცდილებამ.

ხელისუფლება და ძალაუფლება ერთი შეხედვით განუყოფელი ცნებებია და ერთმანეთის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია მათი არსებობა, თუმცა საკითხავია ისევე სჭირდება ძალაუფლებას ხელისუფლება, როგორც ხელისუფლების განხორციელებას ძალაუფლება?

„იშვიათია ხელისუფლების განხორციელება ძალაუფლების გარეშე, ძალაუფლება კი, ხანდახან ხელისუფლების გარეშეც მოქმედებს.“

როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, ძალაუფლება სხვის გადაწყვეტილებებზე ან/და შეხედულებებზე გავლენის მოხდენის უნარია. ხელისუფლება მოიაზრებს გავლენის გავრცელებას საზოგადოებაზე, თუმცაღა ეს პროცესი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული და აღიარებულია მისი ლეგიტიმურობა , უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან, რომელზეც ვრცელდება ხელისუფლება და მეორეს მხრივ კონსტიტუციური თუ საერთაშორისო დონის ხელშეკრულებებით. ძალაუფლება ცალკე აღებული კი ჩვენს წარმოდგენაში ასოცირდება ძალისმიერ მოპყრობასთან, ზეწოლასთან, აზროვნების კონტროლთან, დაშინებასთან, ფიზიკურ ძალადობასთან. ზოგადად ხელისუფლება მაშინ ხორციელდება, როდესაც არსებობს მმართველი/მმართველი ელიტა და მართული/ქვეშევრდომი, რომელზეც ვრცელდება გავლენა.

ხელისუფლების განხორციელებისას ძალაუფლების გამოყენების ფაქტორი განსაკუთრებით ჩანს საარჩევნო პროცესებში. საარჩევნო კამპანია არ წარმოადგენს ხელისუფლების განხორციელების ლუსტრაციას, თუმცა ძალაუფლების გამოყენება საკმაოდ დიდი დოზითაა წარმოდგენილი. დააინტერესო ადამიანები შენი პოლიტიკური პლათფორმის უპირატესობაში მოითხოვს სხვის გადაწყვეტილებებზე და შეხედულებებზე გავლენის მოხდების უნარს. საარჩევნო კამპანიისას პარტიები არ ახორციელებენ ხელისუფლებას, თუმცაღა ხალხის შეხედულებები საჭიროებს ფორმირებას პარტიის ინტერესის შესაბამისად. სახელისუფლებო ძალები ხელისუფლებას ახორციელებენ მათდამი ლოიალურად განწყობილი ამომრჩევლის/ ელექტორატის გარკვეულ ჯგუფზე.

რაც შეეხება ხელისუფლება/ ავტორიტეტს, აქ იკვეთება პოლიტიკური ლიდერის ძალაუფლების მობილიზების პროცესი. რა თქმა უნდა, პირს რომელსაც უკავია გარკვეული თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ფლობს გარკვეულ პრიორიტეტებს თუმცაღა მის მიმართ მინისტრთა კაბინეტის დამოკიდებულება უნდა იყოს მყარი შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საჭიროებს ძალაუფლებას, რომელიც განმტკიცებული იქნება მისი გამოცდილებით, ერუდიციით, ფინანსური შესაძლებლობებით. ასეთი ლიდერი შეძლებს ძალაუფლების კონცენტრირებას საკუთარ ხელში.

დასასრულს, კითხვა რომელზეც მკაფიო პასუხი უნდა გავცეთ ეხება ძალაუფლებისა და ხელისუფლების ურთიერთქმედების ხარისსხსა და ხასიათს. ცხადზე ცხადია, რომ ხელისუფლება და ძალაუფლება ხშირად იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ რთულია მათი ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, ხდება ისეც რომ ცნებები ერთმანეში ირევა. ფაქტია, მათი გამიჯვნა შესაძლებელია და აუცილებელიც, რადგან ყველა ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება, მინისტრთა კაბინეტი და სხვა საჯარო მოხელეები მოქმედებენ კანონით განსაზღვრული ლეგიტიმაციის ფარგლებში. მათი მხრიდან გამოყენებული ძალისმიერი მეთოდები, როგორებიცაა პოლიცია, სამხედრო დანაყოფები, შესაბამისი სამინისტროები ემსახურება ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას და კრიმინალის აღკვეთას. ამ შემთხვევაში ესაა კანონიერი მართვის ბერკეტი. ინდივიდუალურ დონეზე, ძალაუფლების კონცენტრირება მაღალი თანამდებობის პირის ხელში ემსახურება საკუთარი პრესტიჟის განმტკიცებას და მისადმი პატივისცემისა და უსიტყვო მორჩილების განხირციელების ინტერესს. ძალაუფლების გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივ დონეზე მმართველობის ტიპისა და რეჟიმის ცვლილებასთან, ინდივიდუალურ დონეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტთან. ხელისუფლების დაცლა ძალაუფლებისგან, ერთი შეხედვით, გვხვდება დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, სადაც მონარქი კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სხვა ორგანოების საქმიანობის სფეროში ათავსებს. თუმცა, აღნიშნული შემთხვევაც არაა სრულყოფილი იმისათვის, რომ ცალსახა დასკვნა გამოვიტანოთ.

ფაქტია, სასწორი გადაიხარა დიქოტმიის ერთ მხარეს, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლება ძალაუფლების გამოყენებით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG