Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაპიტალიზმის რომანტიზება


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, რომელშიც გამოიკითხა მსოფლიოს 160 ქვეყნის 5 მილიონი ადამიანი, მილენიალების (ადამიანები 24-39 წლამდე) 55%-ს არ სჯერა დემოკრატიის ან დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების. ახალგაზრდები ინგლისიდან თუ საფრანგეთიდან, დამძიმებული სტუდენტური სესხებითა და ქირის გადასახადით, დამოუკიდებელი ცხოვრების ნაკლები შესაძლებლობით, ჩივიან მათი ჩართულობის შესახებ ქვეყნის მართვაში და ხმის მიცემის დემოკრატიულ სისტემას მოიხსენიებენ, როგორც არაფრის მომტანს; ზოგჯერ მათ ქვეყნებში არსებულ მმართველობით სისტემებს ისინი უწოდებენ დიქტატურას ან ოლიგაქრიას (იხ. ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=IAQ_n1yZYD8 ).

სინამდვილეში კი, პრობლემის ერთადერთი სახელწოდება არის კაპიტალის არასწორი, არამიზნობრივი, არაპროპორციული (გვკითხავენ, პროპორციული რასთანო? მარკეტი ხომ თავადვე არეგულირებს ყველაფერს, შესაბამისად, პროპორციებსაც თავად განსაზღვრავს) გადანაწილება.

ერთი შეხედვით, ჩვენ ვართ თავისუფალნი, პრესა და ინტერნეტი ხელმისაწვდომია, სიტყვა ყველგან გვეთქმის, აქციებსაც ვმართავთ, ქუჩაში ვცეკვავთ და ვმღერით, და მაინც, თავისუფლების შეზღუდვად მიგვაჩნია რეგულაციების გარეთ მყოფი წამლების ფასი, სათამაშო ბიზნესების საქმიანობა, უმაღლესი განათლების ხელმიუწვდომლობა და სხვა. არადა, რეგულაცია ხომ წესით თავისუფლების საწინააღმდეგოა? თუმცა, შეუზღუდავი თავისუფლება და თავისუფლება ორი განსხვავებული ცნებაა, როგორც ჭამა და უსაზღვროდ ჭამა.

„ქართველი ტერორისტის“, ლევან ზურაბაშვილის, რომელიც მონათლეს, როგორც მოთამაშე, ავადმყოფი, ცუდი მეოჯახე და ა.შ., საქციელმა და მასზე ხალხის, ან თუნდაც ვიწროდ, „მემარცხენეების“ რეაქციამ, ანუ სოლიდარობამ, გააღიზიანა „გარკვეული საზოგადოება“ (იგულისხმება საზოგადოების გარკვეული ნაწილი) და „გარკვეულმა საზოგადოებამ“ თქვა, რომ ეს არის დანაშაულის რომანტიზება. ამან გამახსენა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამართული პროცესი, სადაც ნაცისტური არმიიდან გამოქცეულ ჯარისკაცს, რომელმაც მოკლა სამხედრო პირი, რომელსაც მისი ჯარში დაბრუნება ჰქონდა განზრახული, ასამართლებდნენ და საბოლოოდ იგი გამართლდა იმ მოტივით, რომ მესამე რაიხის მსახურებაში ყოფნა იყო იმდენად დიდი უსამართლობა, რომ მასზე უარის თქმა, შესაბამისად, იმ პერიოდში არსებული კანონის დარღვევა და თუნდაც ამის გამო საკუთარი თავის დასაცავად მკვლელობის ჩადენა, არ უნდა ყოფილიყო დასჯადი. ანუ, მოყოლებული ნიურნბერგის პროცესიდან, უპირატესობა მოქმედ კანონსა და სამართლიანობას შორის დაპირისპირებისას მიენიჭა ამ უკანასკნელს. მაშინაც აღშფოთდნენ პოზიტივისტები და თქვეს, სამართალი არის ის, რასაც კანონი ამბობსო და დღესაც აღშფოთდება, ალბათ, „გარკვეული საზოგადოება“ და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩათვლის, როგორც „დეზერტირობის რომანტიზებას“. და მაინც, რა შუაშია იმ დროს მომხდარი ამბები აწმყოსთან? ამაზე პასუხი მარტივია, დღესაც უპირისპირდება ერთმანეთს კანონი და „ზეკანონიერი სამართალი“ ( თუ ასეთი არსებობს), რასაც ჩვენ სამართლიანობას ვუწოდებთ. და ნეოლიბერალურ წესრიგთან მარტოდ დარჩენილი ინდივიდი, ხშირ შემთხვევებში, უნდა იყოს და არის უფრო მართალი. მით უმეტეს, თუ იგი ერთი უბრალო ადამიანია.

და თუნდაც, იყო „ბრალიანი“. მახსენდება თვეების წინ მომხდარი, რომელიც თავს გადახდა, ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ლეო მესის. მაშინ, როდესაც მან განაცხადა, რომ სურდა კლუბის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში საკუთარ გუნდს მოუტანა დიდებაცა და შემოსავალიც, კლუბმა, დიდმა კორპორაციამ, უარი უთხრა. საბოლოოდ, დამარცხებულმა მესიმ, რომელსაც შეეძლო სამართლებრივ დავაში შესულიყო გუნდთან, ასეთი სიტყვები თქვა : მე ჩემს კლუბთან სასამართლო დავაში არასოდეს ჩავებმებოდიო. გასააზრებელია, რომ კორპორაცია ამას არასდროს იტყოდა, რადგან მას არ აქვს გრძნობები და ხელმძღვანელობს მხოლოდ მოგების ინტერესებიდან გამომდინარე. ერთადერთი, რაც აინტერსებს, არის მკაცრად განსაზღვრული სახელშეკრულებლო პუნქტების დაცვა, რასაც ხშირად თავისთვის სასიკეთო ინტერპრეტაციით აყალიბებს.

ეკონომიკური რაციონალობა იჭრება ყველგან : ხელოვნებაში, სპორტში, განათლებაში, მედიცინაში, სამართალში ... და ნეიმარის ღირებულება ხდება 222 მილიონი, და ვინჩის ნახატი, სალვადორ მუნდი, იყიდება 450 მილიონად, ექიმისთვის პაციენტი, პირველ რიგში, აღიქმება როგორც ვალუტა და ადამიანი, როგორც თავისთავად ღირებული, ღირსეული არსება, სუბიექტიდან იქცევა გაცვლის, მოგების ობიექტად.

მახსენდება თვეების წინ გამოსული ქართული კინო „არენა“ (იგი არც იყო კინო, იყო კინო-თამაში), რომელიც გადაიღო სათამაშო ბიზნესმა და იგი გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნოლოგიებით, ალბათ, ყველაზე კარგით, რაც აქამდე საქართველოში გამოყენებულა. ანუ, კორპორაციას არ აქვს საზღვრები, იგი ყველგან აღწევს, თუ რეკლამით არა, კინოთი მოგნუსხავს, ან ინსტაგრამის ფრეიმების სტილში „დაპრინტული“ მაისურებით, ან თავისი კორპორაციული საღამოებითა და მოდერნული სამუშაო ოთახებით. მახსოვს, ადრე ბანკებში მომუშავე ადამიანებზე საუბრისას იყენებდნენ სიტყვას „სუფთა“, როგორ „სუფთად“ აცვიათ და რა ლამაზი სივრცეა შიგნით შექმნილიო. სარეცხი საშუალების ერთ-ერთი რეკლამაც გვამცნობს, რომ იგი აშორებს „უხილავ ჭუჭყს“ (შესაძლოა, შინაგან ჭუჭყს). წლის ბოლოს, კორპორაცია ამოარჩევს რომელიმე „ხუთსულიან ოჯახს“ და მიუტანს მას პარკებს (რომლებშიც ეწყობა სანოვაგე) და, რა თქმა უნდა, ამას რომელიმე ყურებადი შოუთი გააშუქებს : ობიექტივი წითელლოყებიან ბავშვზე, რომელიც გახსნის პარკს და გაღიმებული ამოხედავს კამერას. გაუხარდება მაყურებელსაც, თუმცა, შემდგომ დღეებში, მაყურებელი გაიგებს, რომ მისმა შვილმა, ნათესავმა, მეზობელმა, ნაცნობმა და ა.შ. სათამაშო ბიზნესში დიდი თანხა წააგო. თუმცა ამის მიმართ მაყურებელი ინდიფერენტულია. მისთვის პრიორიტეტი შოუსთვის დადგმული სცენის ნახვა უფროა. მაყურებელმა არ იცის, რომ სანატრელ ქვეყანაში, მაგ. შვედეთში, სათამაშო ბიზნესს ფლობს სახელმწიფო და მთელი შემოსავალი მიდის ბიუჯეტში. ან ის, რომ ნორვეგიაში გემბლინგი, თითქმის, სრულად აკრძალულია.

ეს ყველაფერი კაპიტალიზმის რომანტიზებაა, ბრჭყვიალა საგნებითა და სპინერებით კმაყოფილებაა, ნეოლიბერალიზმის თარგში მოქცევაა და, რა გასაკვირია, გაბრაზდე არაბრჭყვიალა ისტორიაზე., ისტორიაზე დაჩაგრული ადამიანისა. ისტორიაზე ლევან ზურაბაშვილისა და კიდევ ათასებისა. ანუ მრავალი ათასი „გიჟისა“ და „გარიყულისა“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG