Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია შიშნიაშვილის თქმით, შშმ პირები სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ


პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ის სხვაობები, რომლებიც მანამდეც არსებობდა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა კოალიციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ და ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელმა მაია შიშნიაშვილმა. მისი თქმით, შშმ პირებს ბარიერებით გართულებული ცხოვრება აქამდეც უწევდათ, თუმცა შეზღუდვების პირობებში ისინი პრაქტიკულად სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ:

„გამოსცადა სისტემები და აჩვენა, რომ ვერცერთი სისტემა ვერ უძლებს, ვერ პასუხობს იმ საჭიროებას, რაც გვაქვს. მაგალითად, უთანასწორობა ჯანდაცვის სერვისის მიღების თვალსაზრისით, უთანასწორობა ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, უთანასწორობა საჭირო სერვისის შენარჩუნებისთვის, უთანასწორობა უბრალოდ გარეთ გასვლაში, გადაადგილებაში, ან საერთოდ სოციალიზაციაში. მე ვგულისხმობ არა ფიზიკურ სოციალიზაციას და დისტანცირებას, არამედ სოციალურ დისტანცირებაში, იზოლაციაში, რომელიც მანამდეც იყო და ახლა განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მოექცა. მოექცა ბევრი რამის გამო“, - განაცხადა მაია შიშნიაშვილმა. მისი თქმით, შშმ პირებისთვის ამ ეტაპზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ისინი სათანადოდ ვერ ერთვებიან ონლაინ სწავლებაში და გარიყულები აღმოჩნდნენ თანატოლებისგან. გადაცემაში მაია შიშნიაშვილმა ისაუბრა ასევე სპეციალური სერვისების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე:

„პრობლემაა, როდესაც სერვისები იკეტება და გადადის ონლაინ. ლაპარაკია, თერაპიებზე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს ცუდი გამოსავალი და ზოგ შემთხვევაში, ვისი სერვისიც დარჩა, იქამდე როგორ უნდა მიხვიდე. რა ფინანსური ტვირთია თითოეული ოჯახისთვის ამაზე არავის არ უფიქრია.

პრობლემაა სერვისები, რომლებმაც უნდა იმუშაოს 24 საათი, მაგალითად საავადმყოფოები, მათ შორის ფსიქიატრიული საავადმყოფო, ამბულატორიები, რომლებიც მენტალური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საცხოვრისები, 24 საათიანი დახმარების ადგილები, რომლებიც არ უნდა შეჩერდეს. როგორ მიდის პერსონალი აქ სამუშაოდ? ეს უკვე ტვირთი ხდება თვითონ იმ ორგანიზაციების, რომელთაც ისედაც მწირი დაფინანსება აქვთ და მანამდეც გადარჩენის რეჟიმში მუშაობდნენ. ამას დაემატა ეს ხარჯი. “, - განაცხადა მაია შიშნიაშვილმა „დილის საუბრებში“.

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.ეს დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ყურადღება გამახვილდეს იმ დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რასაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG