Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები "ლელო საქართველოს" ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ


„ლელო საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიების შეხვედრა, რომელშიც ოპოზიციური პარტიების თითქმის ყველა ლიდერი მონაწილეობს. შეხვედრის დაწყებამდე მათ განაცხადეს, რომ კონსულტაციების მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთის პოზიციების შეჯერებაა.

„პოზიცია იგივეა, არაფერი ამ პოზიციაში არ შეცვლილა, თუმცა არის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან უნდა შეაჯეროს,“- განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კი აღნიშნა, რომ ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რადგან არ არსებობს სხვა არჩევანი, რომელსაც თავმოყვარე ოპოზიციური პარტია გააკეთებდა:

„ეს გადაწყვეტილება დავიდა იქამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იყოს დაცული, მათი პოზიცია გატარებული. ეს უბრალოდ კანტორაა მდიდარი ადამიანის ხუშტურების აღსასრულებლად“- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, 3 დეკემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. კანონის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა ჩატარდეს.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართულები. შედგა შეხვედრების 2 რაუნდი. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოპოზიცია სამ მოთხოვნას აყენებს. ესენია ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG