Accessibility links

logo-print logo-print

კახა კუჭავა: მიდის კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა, თუმცა არ არის საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე


„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუჭავას ინფორმაციით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი რამდენიმე დღეში გაიმართება. კუჭავას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ მიღწეული იქნება ყველასთვის მისაღები შეთანხმება.

მმართველი პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კუჭავამ თქვა, რომ მსჯელობა მიდის კონკრეტულ საკითხებზე. რა საკითხებზე, მას არ დაუზუსტებია, თუმცა, დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პოზიცია უცვლელია და არ არის საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქნეს მიღწეული შეთანხმება და ხელი შევუწყოთ ოპოზიციას დაუბრუნდნენ პარლამენტში საქმიანობას. მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს, ამის იმედს ნამდვილად ტოვებს და მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, როდესაც გამოცხადდება პირველი შეკრების თარიღი, ყველა შეიკრიბება და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საღამოს შეაჯამებს 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების საბოლოო შედეგებს.

31 ოქტომბერს ჩატარებული კენჭისყრის და 21 ნოემბერს, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 17-ში გამართული მეორე ტურის შედეგად, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი ეყოლება.

150-წევრიან პარლამენტში, პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ:

ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი;

„ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;

ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;

„ლელო“ 4 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;

„გირჩი“ 4 მანდატი;

„მოქალაქეები“ 2 მანდატი;

„ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ახალი არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შექმნილი კრიზისის გამო, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღემდე გამართული მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

საქართველოს კონსტიტუციით, “ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG