Accessibility links

site logo site logo

კომისია GDS-ს მიმართავს, არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალი აკრძალულ დროს არ აჩვენოს


კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა მოქალაქეების საჩივარი და „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და GDS TV 2500-2500 ლარით დააჯარიმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო.

კომისიის განცხადების თანახმად, საქმე ეხება ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის დარღვევისთვის.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიაში საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო GDS TV-მ ნაწილობრივ. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, GDS TV ვალდებულია არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

„ბავშვის უფლებათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს ეძლევათ მოქნილი მექანიზმები შვილებისთვის ისეთ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ", - აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58 061 ლარით დააჯარიმა წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG