Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი თვისტომს აზერბაიჯანსა და საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო


მოჰსენ ფახრიზადესთან გამოთხოვების ცერემონია
მოჰსენ ფახრიზადესთან გამოთხოვების ცერემონია

ისრაელის ხელისუფლება შიშობს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ებრაელები, შესაძლოა, გადაიქცნენ ირანიდან მომდინარე თავდასხმის სამიზნე, იმ მუქარების შემდეგ, რაც თეირანის მხრიდან მოჰყვა ცნობილი ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს, მკვლელობას.

„ირანის ხელისუფლებისგან ცოტა ხნის წინ წამოსული მუქარებისა და წარსულში სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარ ტერაქტებში ირანის აგენტების მონაწილეობის გამო, არსებობს საფრთხე, რომ ირანი შეეცდება ასეთი ქმედების სამიზნედ აქციოს ისრაელი“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრითან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს 3 დეკემბრის განცხადებაში.

საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ მახლობელ ქვეყნებში როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო და ბაჰრეინი, ასევე ერაყის ქურთებით დასახლებული ტერიტორია და აფრიკა.

მოჰსენ ფახრიზადე 27 ნოემბერს მოკლეს თეირანის გარეუბანში. როგორც ნახევრად სახელმწიფო სააგენტო ფარსი იტყობინება, თვითმხილველებმა გაიგონეს აფეთქების, შემდეგ კი ავტომატური იარაღის სროლის ხმა. ფარსის თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ფახრიზადე.

ირანმა თავდასხმისთვის ისრაელს დასდო ბრალი. ამ უკანასკნელმა უარი თქვა ინციდენტის კომენტირებაზე.

მიუხედავად შურისძიების მოწოდებებისა, მთავრობის წარმომადგენლის, ალი რაბიეის თქმით, მაინც არსებობს შანსი დიპლომატიისთვის. მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა „შესაფერის დროს“ იძიებს შურს მომხდარისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG