Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანი: ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა რუსეთის უკანონო პოლიტიკის მძევალია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთთან კონფლიქტსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე ილაპარაკა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 27-ე შეხვედრაზე. ორდღიანი ფორუმი 3 დეკემბერს გაიხსნა და პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატით მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ფაქტობრივად იქცა რუსეთის უკანონო პოლიტიკის მძევლად, კვლავ გრძელდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების და მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მრავალჯერ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და კვლავ მოითხოვს რუსეთის მხრიდან საპასუხო ვალდებულების აღებას: „კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების საფუძველი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დაუშვას ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები ორივე რეგიონში, გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული რეგიონებიდან და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა რუსეთის მხრიდან გააქტიურებულ ჰიბრიდულ ომზე, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიასა და საქართველოს მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიისა და კერძო სექტორის წინააღმდეგ გახშირებულ კიბერთავდასხმებზეც. რუსეთის მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ერთ-ერთ მაგალითად დავით ზალკალიანმა მოიყვანა „ლუგარის ლაბორატორიის“ დისკრედიტაციის მცდელობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG