Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმღებლობა და შემწყნარებლობა


ავტორი: ამირან კაპანაძე

სურვილებს აყოლილი აზროვნება და მსჯელობა კრიზისების მართვის ყველაზე ცუდი გზაა, რადგან მსგავსი მიდგომა ამახინჯებს რეალობის აღქმას და სრულიად კონტრ-პროდუქტიულია. ზემოთ ხსენებული პრობლემა მწვავედ დგება მაშინ, როცა დაინტერესებულ მხარეებს ერთმანეთისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ და ვერც იფიქრებენ თუ რა შეიძლება იყოს წინსვლის საერთო მოტივი.

დღეს ხელისუფლებას არაფერი აქვს შემოსათავაზებელი შეზღუდვების გარდა. ამავდროულად ქართული ოპოზიციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი გვარწმუნებს, რომ შეძლებენ პროტესტი ერთადერთი ლეგიტიმური გზაა. კრიზისიდან გამოსავალი კი ნაკლებად შეიძლება იყოს შეზღუდვა შეზღუდვისთვის ან პროტესტი პროტესტისთვის. პრობლემა ის კი არაა, რომ ჩვენი საზოგადოების მოსყიდვა, დაშინება ან მარტივად უგულებელყოფაა შესაძლებელი, არამედ ის, რომ დღემდე ენის მოჩლექით გველაპარაკებიან. თითქოს ჯერ კიდევ მოუმწიფებლები ვიყოთ საკუთარი ბედის განკარგვისთვის და მხოლოდ ისინი იყვნენ კომპეტენტურები ჩვენი კეთილდღეობის და განვითარების საკითხებში. სინამდვილეში კი გამოსავალი ამ სიბრტყეზე ბალანსის შეცვლაა რიგით მოქალაქეებსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის საკუთრების უფლებებისა და ეროვნული რესურსების დელეგირებით ქვეყნის მოსახლეობაზე.

პოლიტიკურ სივრცეს და კრიზისს რომ დავუბრუნდეთ, დღევანდელი ქვოტით ოპოზიციას აქვს საშუალება, რომ შეკრას ვეტოს ჯგუფი საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებებზე აიძულოს „უმრავლესობა“ წავიდეს კონპრომისზე და პოლიტიკური კრიზისის ცენტრი თავად საკანონმდებლო ორგანოში გადაიტანოს. ცივილიზებულ ქვეყნებში ინტერესთა ჯგუფები ყოველთვის ცდილობენ ისეთი კრიტიკული მასა შეკრან ხელისუფლებაში, რომელსაც მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას თავს ვერ მოახვევენ. ამასთან ერთად ხელისუფლებისთვის მაჟორიტარებზე დაყრდნობა კრიტიკულ სიტუაციაში მაინც და მაინც ვერაა იდეალური გამოსავალი. ოპოზიციის პრობლემა კი ისაა, რომ გარდამტეხ სიახლეს ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, ისევ ორი ზვიგენი ცდილობს დაუბრუნდეს ბიპოლარულ განაწილებას და ამაში მუდმივად უწყობენ ერთმანეთს ხელს.

რაც შეგვეხება ჩვენს „გამოსავალს“, ცოტა მიმღებლობასა და შემწყნარებლობაში ვარჯიში არ გვაწყენდა. ეს ორი ისაა ლათინურიდან რომ „ტოლერანტობად“ გადმოვიღეთ და მისი ფუნქცია ანტი დისკრიმინაციული კანონით ამოვწურეთ. მოკლედ ფაქტია, რომ თუ გინდა ხელისუფლება შეცვალო - დიდი ფორით უნდა მოუგო ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. თუ ატყობ, რომ მოწინააღმდეგე თავგანწირვით იბრძვის, მისი ჩიხში შეყვანით ხდება ოპონენტის ძალების კონცენტრირება და არც ის უნდა დაივიწყო, რომ პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგის ამომრჩევლებზეც გეკისრება - თუ თავს პოლიტიკოსად თვლი რა თქმა უნდა. მიმღებლობის გამომჟღავნება თუ სურთ, მაშინ ნომერ პირველმა ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ თავად შექმნა ის ურჩხული, რომლის მსხვერპლიც ახლა გახდა. ამის შემდგომი ნაბიჯია პასუხისმგებლობა აიღო ოპონენტების მხარდამჭერების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე. მესამე ნაბიჯია შეურიგდე მოცემულობას და დიდი მორალური უპირატესობით გამოიყენო საუბრის რესურსი ლეგიტიმური ტრიბუნიდან. მეოთხეა - შეეშვა პარტიულ სიაში გამოგონილი გმირების შეყვანას და გასაქანი მისცე შენი ქვეყნის შესაძლოა დაუმორჩილებელ, მაგრამ მოაზროვნე ნაწილს. მეხუთეა, რომ აღიარო მარცხი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სამართლიანად თვლი ამას და არ გადაიქცე პოლიტიკურ უსულო მოხეტიალედ. ანუ თუ გვპირდები რომ ჩამოდიხარ - ჩამოდი და თუ გვპირდები რომ 2 წლის მერე მიდიხარ - კეთილი ინებე და მართლა დატოვე პოლიტიკური სივრცე. მეექვსე - მესია, რჩეული, გმირი, მხსნელი და რევოლუცია მხოლოდ გამოგონილ გმირებს სჭირდებათ და ამ უკანასკნელის კოლექტიურად თამაშს უნდა დავანებოთ თავი.

არ იფიქროთ რომ ზემოთ ჩამოთვლილის სურვილის ან ნების მწამდეს დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში - ეს ისევ სურვილებს აყოლილი მსჯელობა იქნებოდა. მაგრამ თუ ცოტა ხნით ამ ორი ბანაკის მხარდამჭერები დაფიქრდებოდნენ იმაზე, რომ ეს მათი პროდუქტია - შესაძლებელია იმედის მცირედი ნაპერწკალი მაინც გაჩნდეს. კერძოდ, კარგად შეგახსენებთ იმას, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ჩავთვალეთ მხსნელად ის ადამიანი, რომელიც მერე განტევების ვაცად ვაქციეთ და უდაბნოში გავისტუმრეთ. ალბათ იკითხავთ თუ რომელზე ვამბობ ?! ყველაზე, ვისაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მესიის მანტია მოვაცვით, ჩვენი ოცნებები, იმედები და სურვილები ვანდეთ. მერე არ დაგვეზარა და ჩვენი ცოდვებიც ზედ ავკიდეთ და ომიც კი გამოვუცხადეთ, სანამ შუბის მოღერებით არ გავუძახეთ(ებთ) მოუსვლელში მათდა განსატევებლად.

მოკლედ ამ წრეზე სამგზის დავტრიალდით, ფასადური პლურალიზმიც შევქმენით, მუდმივად გარდამავალი და გარდაუვალი კრახის ეკონომიკა, თავისი კრონი კაპიტალისტებით და ტენდერებით, რომლებსაც ნასესხები ფულით ვმართავთ და მათ დიდ ნაწილს უმიზნოთ ვფლანგავთ. ამას კი ჩვენი მომავალი თაობები გადაიხდის. სამაგიეროდ კი მათ ვუტოვებთ მუდმივად რეაბილიტაციის პროცესში მყოფ, გადათხრილ ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არაკონკურენტულ განათლების სისტემას და ტელევიზორში ნამღერ მრავალჟამიერს, რომელიც ისევ იმათ უთრთოლებს გულს, ვინც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მონობაში გაატარა და ტრივიალურ ღირებულებებს დღემდე ეტრფის.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენი პრობლემები მყიფე მატერიალიზმიდან მომდინარეობს და ეს ყველა საწარმოო რესურსის ნაციონალიზებაში გამოიხატება. თუ როდესმე მივხვდებით, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს გვაქვს უფრო მეტი უფლება ვფლობდეთ და განვკარგავდეთ ჩვენს წილ საქართველოს - მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი მასობრივი პრივატიზაცია იქნებოდა. იმისა, რაც სამართალმემკვიდრეობით ისედაც ჩვენ გვეკუთვნის და არ მოვიტყუებთ თავს, რომ ამაში ვინმე ჩვენით აღფრთოვანებული ინვესტორი ფულს ჩადებს. ფული სიმდიდრის საზომია და არა პირიქით. ეს იგივეა, რომ მშენებელს საშენი მასალის დეფიციტი ჰქონდეს და ინატროს უფრო დიდი სახაზავი, რომლითაც უკეთ გაზომავდა - მაშინ, როცა რესურსებს საზომი ავტომატურად გამოუჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG