Accessibility links

site logo site logo

ლატვიაში დააკავეს პროპაგანდისტულ RT-სთან ასოცირებული ჟურნალისტები


ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 დეკემბერს დააკავა რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც გამოცემა Sputnik-სა და Baltnews-სთან თანამშრომლობენ. ეს გამოცემები, თავის მხრივ, დაკავშირებული არიან კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო RT-სთან (იგივე Russia Today - "რუსეთი დღეს").

დაკავებული ექვსი პირის, ხუთი ჟურნალისტისა და ერთი პოლიტიკური აქტივისტის, ვლადიმირ ლიდერმანის, ბინებში ჩატარდა ჩხრეკა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, დაკავებულთა შორის არის Baltnews-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ანდრეი იაკოვლევი და გამოცემის ჟურნალისტი, ალა ბერეზოვსკაია. დაკითხვის შემდეგ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საქმეში ისინი ფიგურირებენ, როგორც ეჭვმიტანილები.

როგორც ლატვიის სამართალდამცველ ორგანოებში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევის მუხლით.

ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მოხელეთა შორის არის სააგენტო RT-ს გენერალური დირექტორი, დმიტრი კისილიოვი.
თავად ჟურნალისტები, სააგენტოსთან დაკავშირებული გამოცემების უშტატო კორესპონდენტები, ამტკიცებენ, რომ კისილიოვის მიმართ სანქციებს არავითარი კავშირი არ აქვს მათ მუშაობასთან.

იმავეს აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ლატვია დაადანაშაულა „მედიის თავისუფლების აღმაშფოთებელ შელახვაში“.

2020 წლის ივნისში ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე RT-ის ჰოლდინგში შემავალი ექვსი ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც „დმიტრი კისილიოვის ერთპიროვნული კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან“.

RT-ში უარყოფენ კისილიოვის რაიმე კავშირს ტელევიზიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG