Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

GRACIAS D10S!


ავტორი: ვალერი ბუკია

1986 წელია, მეზობელი სახლს აშენებს, მის ეზოში დიდი ქვიშის ზვინია აღმართული, ყველაზე მიმზიდველი ადგილი ჩემთვის, რომელ ბავშვს არ უყვარს ქვიშაში ჩიჩქნა, მე და ჩემი თანატოლი ბავშვები ვიჩიჩქნებით ქვიშაში, ჩვენი მამები იქვე მდგარ ხის პატარა სახლში მსხლის არაყს სვამენ და სპორტულ გადაცემას უყურებენ, მათ საუბარში ხშირად ისმის მარადონა, გენია, ჯადოქარი, მსაჯის გამაიმუნება, ფოლკლენდის კუნძულები, ომი, ხელით გაიტანა ამ ჩათლახმა...... ვყრი ყველაფერს და მივრბივარ სპირტის სუნითა და სოხუმური სიგარეტის „კოსმოსის“ კვამლით გაჟღენთილ სახლში, ტელევიზორი შავთეთრია, სახელური მოტეხილი აქვს, იქვე მის დასატრიალებლად საჭირო ბრტყელტუჩაა, მაგიდაზე ლურჯი "კოსმოსის" ნახევრად ცარიელი კოლოფი დევს, რომელსაც თეთრი რაკეტა და ვარსკვლავი ამშვენებს, იქვეა პატარა ჭიქები, ცარიელი არყის დოქი, კიტრი, პომიდორი, სულუგუნი, ძეხვი და დაჭრილი პური. ჩვენი მამები აბოლებენ და გაფაციცებით უყურებენ ტელევიზორის ეკრანს სადაც ხელებაღმართული მუქმაისურიანი (იმ დღეს ზოლიანი არ ეცვა არგენტინის ნაკრებს

) ფეხბურთელი გარბის, ეს მარადონაა, რომლემაც ეს ესაა ღმერთის ხელით გოლი გაუტანა არგენტინის მაშინდელ უდიდეს მტერს და ოკუპანტ ინგლისს.......34 წელიც გასულა, ზოგჯერ მიკვირს ხუთი წლის ბავშვს რატომ მახსოვს ის ჩემპიონატი და მარადონა. მერე უკვე ვიწამლები ფეხბურთით, ფანქრებით და ფლომასტერებით მხოლოდ ბურთს და მარადონას ვხატავ, ჩემი საყვარელი მაისური ხდება ჩემი დების მაისური, 80-იანების დასაწყისში რომ ჩამოუტანა ბიძაჩემმა მოსკოვიდან, მარადონა სამ პოზაში, მირბის, ურტყამს და ხტება......პირველი სიტყვაც სკოლაში შესვლამდე დიეგო არმანდო მარადონა დავწერე მართლწერაში დაწესებულ ხაზებს აცდენილი ქართული ასოებით, 9 წლისამ ვიტირე ფინალი რომ წააგეს, 13 წლისამ შევიგინე დოპინგზე რომ გამოიჭირეს და აუკრძალეს თამაში.........მოკლედ მარადონა მომყვება, მაკვირვებს სიგიჟეებით და სისულელეებით თუმცა მაინც მიყვარს, მსგავსი ადამიანებს არ აქვთ პრეტენზია მთავრობაში მოვიდნენ, ფედერაციის მაიმუნობებში გაეხვიონ, ქვეყნის ნაკრებისთვის დაჩეხილი ფეხითაც ითამაშებენ, ბურთია მათი ბედნიერება და ბურთის თამაშით სხვებსაც აბედნიერებენ, საკუთარი დროშა უყვართ, კლუბზე უკეთ ნაკრებში თამაშობენ......ჩე გევარაც და ფიდელ კასტროც ამიტომ უყვარდა მარადონას, არ მოწონდა სამყარო რომელშიც ცხოვრობდა და ფიქრობდა რომ ჩე გევარასნაირები შეცვლიდნენ რომ დაცლოდათ, ისე ჩე გევარა ნეაპოლში გაიცნო, ნახა რა მუდმივად ყველაფერზე პროტესტის გამომხატველ ნეაპოლიტანელებს მიტინგებზე ჩე გევარა გამოსახული ბანერები მოქონდათ, მანამდე ჩე გევარა კაციჭამია ეგონა, არგენტინულ სკოლებში ასწავლიდნენ ასე, ნეაპოლში დარწმუნდა რომ ის ღარიბების ქომაგი იყო.....და სჯეროდა რომ ჩე გევარა და კომუნისტები ღარიბებს შვებას მოუტანდნენ......თუმცა სამყარო ისეა არეული ვერც ვერავინ დაალაგებს დონ დიეგო, მთავარია შენნაირები მოვიდნენ ხშირად, გამოანათონ და ეს მძიმე ყოფა შეგვიმსუბუქონ თუნდაც იმ 90 წუთის განმავლობაში, როდესაც შენ და შენნაირები ჩაიდენენ ჯადოქრობებს ტყავის ბურთით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG