Accessibility links

logo-print logo-print

შს მინისტრის თქმით, ბადრი ესებუა შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს


შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შესაძლოა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ბადრი ესებუა, რომელსაც თითქმის ორი თვეა ვერ მიაკვლიეს სამართალდამცველებმა.

„ძებნილად გამოცხადდა ეს ადამიანი, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიება მიდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, ხოლო ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ამ მიმართულებით რაიმე წინსვლა, უპასუხა: „ვერ გეტყვით“.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბადრი ესებუას გამოცხადება საერთაშორისო ძებნილად, შს მინისტრმა უპასუხა, რომ „ალბათ გამოვაცხადებთ“.

შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG