Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მანიფესტის ხელმომწერები ოპოზიციას მოუწოდებენ არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში


სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტს, რომლითაც მიმართავენ ოპოზიციურ პარტიებს „არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას", ამ დროისთვის 950-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

„3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს.

ცნობილია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ოპოზიციური პარტიის და მათი წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს უპრეცედენტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიუხედავად განსხვავებულობისა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ.

მიგვაჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმების შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის კონსოლიდაცია.

პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის მოახლოება კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და გაცხადებული პოზიციის განუხრელ დაცვას.

მიმართვის ხელმომწერები მოვუწოდებთ ოპოზიციას პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი უკვე გაიმართა.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, „ქართული ოცნება“ კი ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას ზეიმობს. შედეგების უნდობლობის გამო ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ მიზეზით მათთან მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი წინადადებები წერილობით გადასცა ფასილიტატორებს, იმისთვის, რომ მმართველ პარტიას გააცნონ.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG