Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: „ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ!“


საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში გააცილა ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ უმაღლესი შეფასებები, რომლებსაც საქართველო თავისი პარტნიორებისგან იღებს, დიდწილად ქართველი სამხედროების დამსახურებაა.

„მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა თქვენთან ერთად. დღეს თქვენი გაცილება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დიდი პატივია, რამეთუ თქვენ იქ ძალიან მაღალ მისიას ასრულებთ, თქვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ის შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტნიორებისგან, არის დიდწილად თქვენი დამსახურება, თქვენი რეპუტაციის, ჩვენი ძველი ტრადიციული სამხედრო გმირობის რეპუტაციის, რომელიც დღემდე გრძელდება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა! დღეს მსოფლიო არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, პანდემიის გამოწვევის წინაშე და ფაქტი, რომ საქართველო თავის ვალდებულებას ამ პირობებშიც ასრულებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრზე მეტყველებს და მე მინდა, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ. მინდა გისურვოთ წარმატება, შემართება, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში, თქვენს ოჯახებში. ვიცი, რომ თქვენი მისია ავღანეთში იქნება წარმატებული. ღმერთი გფარავდეთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში იმყოფებიან ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში.

მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის (RSM) გადასროლისწინა ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს. ქართული ასეული საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG