Accessibility links

logo-print logo-print

ნინო ლომჯარია: „არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და სისტემის მზაობაზე მითითებები“


საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება და სახელმწიფო ორგანოებს კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.

ნინო ლომჯარია შეშფოთებულია იმით, რომ პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომელთა მიხედვითაც, გარდაცვლილთა ოჯახები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებზე საპასუხოდ არ არის საკმარისი მხოლოდ საწოლ ფონდსა და ჯანდაცვის სისტემის ზოგად მზაობაზე მითითებები.

„განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია COVID-19-ის შემთხვევების აუდიტის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ამ დროისთვის რამდენი შემთხვევა გაანალიზდა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა კონკრეტული რეკომენდაციები გაიცა. ასევე, კონკრეტულად რა ზომების მიღება არის დაგეგმილი და როდისთვის, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

29 ნოემბერს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის პაციენტის ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი ქრონიკული დაავადება, თუმცა, მათი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, პაციენტი კლინიკაში დროულად არ გადაიყვანეს.

30 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური კომისია განიხილავს.

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG