Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი „გირჩზე“: "ყველა ერთად იყო, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“


პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი პარტია „გირჩში“ მიმდინარე შიდაპარტიულ დაპირისპირებებს გამოეხმაურა და გაიხსენა 2018 წლის 10 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან პარტიის ლიდერთა მიერ ორგანიზებული პერფორმანსი, რომლის ფარგლებშიც დემონსტრანტებმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამყოფ ხაზთან, სოფელ ატოცში შარვლები ჩაიწიეს და ოკუპანტ რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

„ყველა ერთად იყო მაშინ, როდესაც მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“. დღეს რას გააკეთებენ, არ ვიცი და რა პოზიციებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ესეც არ მესმის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „გირჩი“ დესტრუქციული ძალაა თავისი შინაარსით, პათოსით და ლიდერით, რომელიც ყოველთვის აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი სანანებელი არ აქვს და არაფერი ჩაუდენია ისეთი, რაზეც ბოდიში უნდა მოიხადოს.

„ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ შესაძლებელია პროსტიტუციით ფული იშოვო და მოუწოდებენ ახალგაზრდებს ამისკენ, ასევე ნარკომანიით შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ თავის თავს, თვითონ მაგალითს აძლევდნენ და ამ ჯანმრთელობის სერიოზულად დამთრგუნველი ნაბიჯების გამკეთებლები თვითონ არ არიან და თავის ოჯახებშიც ასეთ რამეს არ ისურვებდნენ. ამ ორ მოწყვლად ჯგუფს ახალგაზრდებისას ითრევენ ჭაობში, რომელშიც თვითონ არ სხედან, ხმელეთზე არიან მოკალათებული და თბილად გრძნობენ თავს. ესენი შიგნით ერთმანეთს რას დაელაპარაკებიან და რა პრეტენზიებს დაუყენებენ ერთმანეთს, არ ვიცი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილის და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“, - წერს ჯაფარიძე ფეისბუკის დახურულ ჯგუფში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG