Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირის საბჭო იმსჯელებს საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე


დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომელზეც ბოლოდროინდელ საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. მათ შორისაა საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია.

სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ბორელი.

საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი ეყოლება. 150-წევრიან პარლამენტში, პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი, "ლელო“ 4 მანდატი, „პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი, „გირჩი“ 4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი და „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს. „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ახალი არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავს.

შექმნილი კრიზისის გამო, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღემდე გამართული მოლაპარაკების ორი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. გასულ კვირაში, ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" წერილობით გაუგზავნა საკუთარი წინადადებები და პასუხიც წერილობით მიიღო. მოლაპარაკების მესამე რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG