Accessibility links

logo-print logo-print

ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ 671 გამარტივებული შესყიდვა მიიღო 2012-2020 წლებში


ფოთი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს კვლევის შედეგებს, საიდანაც ირკვევა, რომ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ - შპს “ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო.

ამ კომპანიის მიერ ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობა და თანხის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გოჩა კურდღელია ფოთის მერი გახდა, ანუ 2017 წლის ნოემბრიდან. 671 გამარტივებული შესყიდვიდან 373 შესყიდვა სწორედ ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებამ 156,196 ლარი შეადგინა.

რამაზ გუჯაბიძე ათამდე კომპანიაში ფლობს წილს ან/და იკავებს დირექტორის თანამდებობას. მათგან ხუთ კომპანიაში იგი ფოთის მერის ბიზნესპარტნიორია:

ფოთის მერის ბიზნესპარტნიორი რამაზ გუჯაბიძე ამავე დროს არის პარტიების შემწირველიც და ჯამში 183,000 ლარი აქვს შეწირული, მათ შორის:

  • 2012 წელს - 15,000 ლარი “ნაციონალური მოძრაობისთვის”
  • 2016 წელს - 60,000 ლარი "ქართული ოცნებისთვის"
  • 2019 წელს - 48,000 ლარი "ქართული ოცნებისთვის"
  • 2020 წელს - 60,000 ლარი “ქართული ოცნებისთვის”

რამაზ გუჯაბიძის გარდა, პარტიების მსხვილი შემწირველები არიან ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე კურდღელიას ბიზნესპარტნიორები და მასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და მეწილეები. მათ (სულ 13 შემომწირველი) პოლიტიკურ სუბიექტებს ჯამში 1,528,050 ლარი შესწირეს, მათ შორის:

  • “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს - 135,000 ლარი;
  • პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს - 350,000 ლარი;
  • “ქართულ ოცნებას” კი 2016-2020 წლებში - 1,043,050 ლარი.
  • მხოლოდ 2020 წლის ივლის-სექტემბერში “ქართულ ოცნებას” მათ ჯამში 355,000 ლარი შესწირეს.

შპს „ხალიბის” ჩართულობა ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციაში თვლიან, რომ თითოეული შესყიდვა ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG